„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „ასტონ ვილასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
როგორც მან თქვა, მის გუნდს უპირატესობა აქვს, მაგრამ არა გადამწყვეტი და ნახევარფინალში გასვლას რომ იმსახურებენ, საპასუხო შეხვედრაშიც უნდა დაამტკიცონ.
„მიზანი ნათელია: გადავჭრათ პრობლემები, რომლებსაც „ასტონ ვილა“ შეგვიქმნის მატჩის განმავლობაში და გავიმარჯვოთ. ხვალ მხოლოდ ერთი გუნდი გავა ნახევარფინალში, ამიტომ ძალიან საინტერესო თამაში იქნება. ზედმეტი თავდაჯერებულობა არ არის ჩვენი მხრიდან, არამედ მხოლოდ სურვილი, რომ გადავჭრათ ის პრობლემები, რომლებსაც „ასტონ ვილა“ შეგვიქმნის.
ყოველთვის სასიამოვნოა ისეთ სტადიონზე თამაში, რომელსაც ამხელა ისტორია აქვს. ამას ჩვენი ფეხბურთელები მიჩვეულები არიან, ჩვენთვის ეს საერთოდ არ არის პრობლემა, არამედ მოტივაციის წყაროა.
ჩემპიონთა ლიგის ფავორიტად ბევრი გუნდი შერაცხეს, რომლებიც ტურნირს უკვე გამოეთიშნენ. რა თქმა უნდა, პირველი მატჩის შემდეგ უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ეს უკვე წარსულია, ხვალ ახალი მატჩია, რომელშიც უნდა ვაჩვენოთ, რომ ნახევარფინალში გადასასვლელად საკმარისი დონე გვაქვს.
ველოდები, რომ ხვალ „ასტონ ვილა“ უფრო მაღალი დაცვის ხაზით ითამაშებს და ჩვენს კართან უფრო ახლოს იქნება. ძალიან ინტენსიური და საინტერესო მატჩი იქნება“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „ასტონ ვილასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩი 15 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.