„სენტ ეტიენის“ ფეხბურთელმა ზურიკო დავითაშვილმა „ბრესტთან“ მატჩის (3:3) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ცოტა მეტი რომ გამართლებოდათ, მოგება შეეძლოთ, განსაკუთრებით, ბოლო წუთზე, როცა მისი თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა:
„კარგი რეაქცია ვაჩვენეთ. სამი გოლის გაშვება ყოველთვის რთულია, მაგრამ ვხედავთ, რომ შეგვიძლია გოლების გატანა, მატჩების მოგება. დაცვაზე ვიმუშავებთ, არა მხოლოდ მცველები, ყველა, თავდამსხმელებიც. არის მატჩი, რომელიც იმედს იძლევა.
პირველი ტაიმის შემდეგ დავინახეთ, რომ შეგვეძლო ტემპისა და სტილის შეცვლა, მეორე ტაიმი მართლაც კარგად ჩავატარეთ. ვიბრძოდით, ვიცოდით, როგორ უნდა შეგვექმნა სირთულეები „ბრესტისთვის“.
ჩემი თავური დარტყმის მომენტში არ გაგვიმართლა, ცოტა მეტი გამართლებით გოლის გატანა და მოგება შეგვეძლო. მომავალისთვის, იმედი მაქვს, რომ კარგად თამაშს გავაგრძელებთ, გოლს აღარ გავუშვებთ და მოვიგებთ“, - თქვა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო შვიდჯერ საგოლე პასი მიითვალა, ერთხელ პენალტიც მოიპოვა.
„სენტ ეტიენი“ 24 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზე, შესაბამისად, გასავარდნ ზონაშია, ხოლო მომდევნო ტურში 20 აპრილს, გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ უმასპინძლებს.