ფეხბურთი

1:50 | 14.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "ფლანგზე თამაშთან ადაპტაცია მომიწია, ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო"

„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ოსერთან“ მატჩის (3:1) შემდეგ, რომელშიც გოლი გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა და პენალტი მოიპოვა, კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, ყველაფერი კარგად მიდის და ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარეს:

„ყველაფერი კარგად მიდის, მეოთხე ადგილზე ვართ და ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად ვიბრძვით. ხუთშაბათს „ოლდ ტრაფორდზე“ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს.

მწვრთნელი ლამაზ თამაშს ითხოვს და ვარჯიშზე ვმუშაობთ, ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩავატარეთ. პენალტი? პენალტისტი ლაკაზეტია, მაგრამ ვკითხე, მე თუ შენ? მან ბურთი დამითმო და შემდეგ სიამოვნებით გავუკეთე საგოლე პასი, სნობი არ ვარ (იღიმის - რედ).

ტრავმა? მცირედით მხარი ვიტკინე, მაგრამ სერიოზული არაფერი. ვცდილობთ, ვისიამოვნოთ, თანაგუნდელები გავახაროთ, გუნდში საოცარი გარემოა, ასეთი შემთხვევა არც ერთ გუნდში მქონია. ასე უნდა გავაგრძელოთ. ფლანგზე თამაში? ადაპტაცია მომიწია, რადგან ფლანგზე თამაში ჩემი სტილი არაა, მაგრამ თანაგუნდელებს დაცვაში და შეტევაში ვეხმარები, ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია.

გვინდა „ოლდ ტრაფორდზე“ ისე ვითამაშოთ, როგორც დღეს ვითამაშეთ, იქ გამარჯვებისთვის და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მივდივართ“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 41 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი და 9-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 29 მატჩი, 9 გოლი და 5 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 10 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.

„ლიონმა“ ამ გამარჯვებით 51 ქულა დააგროვა და ოთხეულში შევიდა, მეოთხე ადგილზეა. სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა: მეორეადგილოსან „მონაკოს“ 53 ქულა აქვს, მეშვიდეადგილოსან „ნიცას“ – 48. „ლიონი“ მომდევნო ტურში 20 აპრილს, სტუმრად „სენტ ეტიენს“ შეხვდება, მანამდე კი, ევროპა ლიგის მეოთხედფინალში 17 აპრილს, „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეწვევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061038