საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურში „ლიონმა“ სტუმრად „ოსერი“ 3:1 დაამარცხა, გიორგი მიქაუტაძემ კი შესანიშნავად ითამაშა.
ქართველი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში იყო, გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა.
54-ე წუთზე გიორგიმ პენალტით გახსნა ანგარიში, პენალტით, რომელიც თავად მოიპოვა. ქართველი „ლიონის“ მეორე საგოლე კომბინაციაშიც მონაწილეობდა, რომელიც რაიან შერკის აქტივშია, მიუხედავად იმისა, რომ ასისტი მას არ ეკუთვნოდა. სამაგიეროდ, 84-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტს გაატანინა ცარიელ კარში, რომელმაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს.
გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 41 მატჩში 15 გოლი აქვს გატანილი და 9-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 29 მატჩი, 9 გოლი და 5 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 10 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.
„ლიონმა“ ამ გამარჯვებით 51 ქულა დააგროვა და ოთხეულში შევიდა, მეოთხე ადგილზეა. სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა: მეორეადგილოსან „მონაკოს“ 53 ქულა აქვს, მეშვიდეადგილოსან „ნიცას“ – 48. „ლიონი“ მომდევნო ტურში 20 აპრილს, სტუმრად „სენტ ეტიენს“ შეხვდება, მანამდე კი, ევროპა ლიგის მეოთხედფინალში 17 აპრილს, „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეწვევა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია