ფეხბურთი

20:17 | 13.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ისევ საგოლე პასი: გიორგი კვერნაძე შესანიშნავ ფორმაშია (+VIDEO)

იტალიის სერია B-ს 33-ე ტურში „ფროზინონე“ სტუმრად „ჩეზენას“ დაუზავდა, ხოლო გიორგი კვერნაძემ საგოლე პასი მიითვალა.

სწორედ მისი გადაცემით გაიტანა ჯუზეპე ამბროზინომ გოლი 71-ე წუთზე, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 1:1. ეს კვერნაძის ზედიზედ მესამე საგოლე პასია ბოლო სამ მატჩში, ხოლო უკანასკნელ ოთხ შეხვედრაში გოლით და 3 ასისტით გამოირჩა.

კვერნაძეს შეეძლო გამარჯვების გოლიც გაეტანა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ბურთი ძელს გაარტყა. იტალიურმა მედიამ მისი თამაში დადებითად შეაფასა:

Tuttomercatoweb – 6.5 ქულა: „ისიც იშვიათად ჩანს, მაგრამ მხოლოდ პირველ ტაიმში. მეორე ნახევარში შესანიშნავი იყო, საგოლე პასით და კომპენსირებულ დროში ბურთი ძელსაც გაარტყა. როდესაც ის ანათებს, შეუძლია ზიანი ნებისმიერს მიაყენოს“.

Tuttofrosinone – 6.5 ქულა: „როგორც ბოლო პერიოდში ხშირად ხდება, ის გადამწყვეტი იყო ამბროზინოზე საგოლე პასით. დადებითი თამაში“.

კვერნაძის საგოლე მომენტზე კომენტარი გააკეთა „ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა პაოლო ბიანკომ და აღნიშნა: „მონტერიზი კვერნაძესთან ყველაზე ახლოს იყო და ყველაზე თავისუფალი იყო საჯარიმოში. გიორგიმ დარტყმა ამჯობინა, მოედანზე ისინი არიან და თავად წყვეტენ რა გააკეთონ“.

22 წლის გიორგი კვერნაძეს სერია B-ს მიმდინარე სეზონში 28 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 5-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. აღსანიშნავია, რომ გიორგი მხოლოდ 10-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.

„ფროზინონე“ 38 ქულით მე-12 ადგილზეა, 21 აპრილს კი, ლიდერ „სასუოლოს“ სტუმრად დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12844