დედაქალაქურ დერბიში ‘არმიამ’ ‘ხვამლს’ 13:3 სძლია და ფლეი ოფის მეორე ეტაპზე გავიდა, მუხიანელები კი საჩემპიონო რბოლას გამოეთიშნენ.
გორის „ჭალის სტადიონზე“ გამართული თამაში სტატუსის შესაფერისი, უაღრესად დაძაბული გამოდგა. აპრილისთვის უჩვეულო თოვლის ფონზე, პირველ ტაიმში ‘ხვამლი’ სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ეს ქულებში ვერ ასახა. ‘არმია’ დაცვაში გაუვალი კედელივით იდგა და მიუხედაბად იმისა, რომ ჯამში 30 წუთი მოედანზე კაცნაკლულმა გაატარა, საწადელს მაინც უწია. ნომინალურმა მასპინძლებმა საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენეს და შესვენების შემდეგ 13 უპასუხო ქულა აიღეს.
‘ხვამლი’ მე-4 წუთზე ლუკა თაყაიშვილის ჯარიმით დაწინაურდა. არმიელები დისციპლინაში მოიკოჭლებდნენ და მე-9 წუთზე კოლი ტამანიტოაკულამ, ხოლო 26-ეზე საბა ილურიძემ ყვითელი ბარათები მიიღეს, მაგრამ მუხიანელებმა რიცხობრივი უპირატესობით ვერცერთხელ იხეირეს.
მეორე ტაიმში თოვამ გადაიღო და გამოდარებამ ‘არმიაზე’ დადებითად იმოქმედა. მათ თამაშის განახლებიდან 2 წუთში კარის წინ 40 მეტრიდან ჯარიმის შესრულების უფლება მიიღეს და მამუკა ნინიძემ ბურთი ძელებსშუა გააძვრინა. ორიოდე წუთში ნინიძე უკვე სინბინით დაისაჯა და ‘არმია’ კიდევ ერთხელ დარჩა კაცნაკლული, თუმცა ამ პერიოდში ქულების აღება თავად მოახერხა - სანდრო ნახუცრიშვილმა მბოჭავი მოედნის ცენტრში კონტაქტით ჩამოიცილა, წინ წაიწია და ბურთი საბა ილურიძეს გაატანა, რომელმაც მბოჭავი თავის მხრივაც მოიცილა და ლელომდე ირბინა.
ილურიძე გარდასახვიდანაც ზუსტი იყო და სხვაობა 7 ქულამდე გაიზარდა. თაყაიშვილს 3 ქულის აღების შანსი 57-ე წუთზე მიეცა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა გაუცუდდა. სამაგიეროდ მამუკა ნინიძე იყო უშეცდომო, რომლის ჯარიმის შემდეგ ანგარიში 13:3 გახდა. ‘ხვამლი’ სიტუაციის გამოსწორებას შეეცადა და გააფთრებით შეუტია, მაგრამ ‘არმიამ’ თავი დაიცვა და ფლეი ოფის მეორე ეტაპზე ქუთაისის ‘არესსა’ და რუსთავის ‘ხარებს’ შორის გამარჯვებულს შეხვდება (თამაში 13 აპრილს 14 საათზე „აია არენაზე“ გაიმართება).
ფლეი ოფის განვლილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘არმიას’ კვაჭი ლევან ჭავჭავაძე გახდა.
RUGBY.GE