„სალერნიტანამ“ სერია B-ს 33-ე ტურში „სუდტიროლი“ 2:1 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო.
ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამაშა და მატჩის შემდეგ კომენტარიც გააკეთა. როგორც მან თქვა, ყველაფერი „სალერნიტანას“ ხელშია და დარჩენილ ხუთ ტურში ქულები მაქსიმალურად უნდა დააგროვოს.
„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა უშუალო კონკურენტთან, რაც მომდევნო მატჩებში დაგვეხმარება. მომდევნო ორი თამაშიც უნდა მოვიგოთ, ბოლომდე ასე ერთად ბრძოლით, ვფიქრობ, შედეგებს მივაღწევთ. იმედი მაქვს, რომ ადგილს შევინარჩუნებთ ამ ქალაქისა და ამ ხალხისთვის.
ბევრი რამ არ შეცვლილა, მაგრამ ახალმა მწვრთნელმა ახალი მენტალიტეტი მოიტანა, ახალი ვარჯიშებით, ეს ახლის დასაწყისი იყო და ვიმედოვნებთ, ასე გავაგრძელებთ. ახლა გუნდი რთულ სიტუაციაშია, მესმის გულშემატკივრების, რომლებმაც გუნდი ძალიან უყვართ. გამოცდილი ხალხი საჭიროა, ასეთი მატჩების თამაში ადვილი არაა. დიდი ზეწოლაა, როგორც ფანების, ასევე კლუბის მხრიდან, ისინი ითხოვენ, რომ არ გავვარდეთ.
დღეს თამაში კარგად დავიწყეთ, ბევრი დუელი მოვიგეთ, კარგები ვიყავით. ეს სწორი გზაა, გულშემატკივრები გვეხმარებიან და სახლში ყველა თამაში უნდა მოვიგოთ. კლუბის პრეზიდენტი გვაძლევს მოტივაციას და ძალიან კარგად, დადებითად გვესაუბრა, მისი მოსმენა საათობით შემეძლო. ეს ძალიან მეხმარება, მას არ ვიცნობდი, მაგრამ ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო, ვიცით, რომ მისთვის გუნდი ძალიან მნიშვნელოვანია.
წინ ორი ფინალი გველოდება, ჩიტადელაში 3 ქულისთვის უნდა ჩავიდეთ და სახლში „კოზენსაც“ უნდა ვეთამაშოთ, კალენდარი დადებითია და ყველაფერი ჩვენს ხელშია“, - თქვა ლოჩოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „სალერნიტანა“ სერია B-ში 33 ტურის შემდეგ 33 ქულით გასავარდნ ზონაში, მე-18 ადგილზეა, 21 აპრილს კი, სტუმრად კონკურენტ „ჩიტადელას“ შეხვდება. ლუკა ლოჩოშვილს სალერნოელთა რიგებში 13 მატჩი აქვს ჩატარებული.