რაგბი

11:00 | 12.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგა | ‘ლელომ’ ჯგუფურ ეტაპზე ვადამდე იპირველა

ჭაბუკთა ‘ბ’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის პირველ ჯგუფში ‘ლელომ’ ვადამდე იპირველა. ჩემპიონმა44ქულა დააგროვა და 6 ქულიანი სხვაობით, მდევარ ‘ბათუმისთვის’ მიუწვდომელი შეიქნა. შესაბამისად, ‘ლელო’-‘ბათუმის’ დასკვნითი ტურის შეხვედრას ოდენ პრესტიჟის ხასიათი შემორჩა. ’აკადემიამ’ 24 ქულას მოუყარა თავი, ‘ბათუმს’ 14 ქულით ჩამორჩა,თუმცა ჯგუფში მე-3 ადგილს ვერავინ შეეცილება. 13 ქულით მე-4 პოზიციას ‘ხარები’ ინარჩუნებს და ბოლოსწინა ადგილზე მყოფ ‘ფოთს’ 3 ქულით უსწრებს. ბოლო ადგილზე კი ყველა შეხვედრაში მარცხგანცდილი, კინკილა ქულის მქონე ‘წიქარა’ რჩება.

„ხარები არენაზე“, ‘ხარები’-‘ლელოს’ შეხვედრა ჩემპიონის სრული უპირატესობით წარიმართა. ძლიერი ქარის მიუხედავად, ბექა ყორიაულის ბიჭები სწრაფად შლიდნენ ოვალს და მოპოვებული სათამაშო სივრცით კარგად საგებლებდნენ. ‘ლელომ’ ქვემო ქართლელებს კომბინაციურ სტილში 9 უპასუხო ლელო დაუდო. სტუმრები მარბიელ საბა გიორგაძის გატანილი ლელოთი დაწინაურდნენ, რასაც ფულბეკ ანდრია კუნჭულიას „დუბლი“ მოჰყვა. ‘ლელოს’ „მშრალი“ ანგარიშით, დამაჯერებელი გამარჯვება მარქაფადან ჩართული მხტომელის ალექსანდრე თავდგირიძის გატანილმა ლელომ დააფიქსირა-57:0.

მე-9 ტურს, ‘ბათუმი’-‘აკადემიას’ უამინდობის გამო გადადებული შეხვედრა უსწრებდა. მხარეთა ურთიერთშეთანხმების თანახმად გუნდები ერთმანეთს გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე სარაგბო არენაზე დაუპირისპირდნენ.

პირველ ტაიმში უკეთ ‘აკადემია’ გამოიყურებოდა. „მხატვრებმა“ აჭარლებეზე 1-ით მეტი, 2 ლელო გაიტანეს და ტაიმის მიწურულს კვაჭ სანდრო კახიშვილის დადებული ლელოთი 15-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. ამის შემდეგ შეხვედრას სრულად ‘ბათუმი’ აკონტროლებდა და შესვენების წინ ნიკა ქამაშიძის გარდასახული ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა. მეორე ტაიმში მასპინძლები დაცვაში საიმედოდ ირჯებოდნენ, შეტევებს მეტი სიმწვავე შემატეს და მარქაფადან ჩართული ფრთა გიგი აბაშიძის შესრულებული „დუბლით“ მატჩი-17:15 მოიგეს.

‘ბათუმმა’ მორიგი საშინაო შეხვედრა უკვე აჭარის დედაქალაქში გამართა და აუტსაიდერ ‘წიქარას’ დაუპირისპირდა. ბათუმელთა დამრიგებელმა გელა ჭოველიძემ შემადგენლობის როტაციას მიმართა, თუმცა აღნიშნულ გარემოებას აჭარელთა მიჯრით მე-4 გამარჯვების მოსაპოვებლად ხელი არ შეუშლია. ბათუმელთა წარმატებას საფუძველი ბურჯ ირაკლი ჭანტურიძის დადებულმა ლელომ ჩაუყარა, რასაც ფრთა გიგი აბაშიძის გატანილი ლელო მოჰყვა. მასპინძლებმა უპირატესობა შუამარბ სანდრო ასლანიშვილის „დუბლით“ გაიმყარეს. ‘წიქარა’ ბოლომდე იბრძოდა და მატჩის მიწურულს ბურჯ დიმიტრი ჩაჩანიძის გატანილი ლელოთი „მშრალი“ ანგარიშით მარცხს გადაურჩა. ‘ბათუმმა’ მატჩი პრემიალური ქულით მოიგო-31:7.

„პარკი არენაზე“, ‘ფოთი’ ‘აკადემიას’დაუხვდა. მატჩის დებიუტში ფულბეკ ლაშა გოგოხიას გატანილი ჯარიმით კოლხები დაწინაურდნენ, რის შემდგომ ‘აკადემიას’ მგეზავმა ნიკა ჩაჩანიძემ მასპინძლებს ტაიმებში 2-2 უპასუხო ჯარიმა გაუტანა. მატჩის დასკვნით მონაკვეთში, მორკინალთა აქტიური თამაშის ხარჯზე კოლხებმა უპირატესობა მოიპოვეს, 2-ჯერ ახლოს იყვნენ ლელოს დადებასთან, მაგრამ სტუმრებმა თავი კარგად დაიცვეს და დაძაბულ ბრძოლაში-12:3 იმარჯვეს.

მე-2 ჯგუფის გამარჯვებულმა ‘ხვამლმა’ მოგებათა სერია განაგრძო და 43 ქულას მოუყარა თავი. ‘აიამ’ 32 ქულით ცხრილში მე-2 ადგილი გაინაღდა. დასკვნით ტურში, ‘აია’-‘ხვამლის’ ქუთაისში გასამართ შეხვედრას პრესტიჟის ძალა შერჩა. რეგულარულ სეზონს ‘არმია’ მესამე პოზიციაზე ჩაამთავრებს. ‘ლოკომოტივმა’ 14 ქულით მე-4 ადგილზე აინაცვლა და მარნეულის ‘არმაზსს’ 3 ქულით გაუსწრო. 5 ქულის მქონე ‘აია’-2 კი ჯგუფურ ეტაპს ბოლო ადგილზე ასრულებს.

„ხვამლი არენაზე“, ‘ხვამლი’-‘არმიას’ შეხვედრა მეტად საინტერესო და დაძაბული გამოდგა. უამინდობის მიუხედავად, გუნდები თავს არ ზოგავდნენ, სისწრაფეზე მოქმედებდნენ და ლაღი ბურთაობაც გააჩაღეს. მუხიანელთა ბურჯმა კაპიტანმა ლუკა ბარბაქაძემ „დუბლი“ შეასრულა. მასპინძელთა მხრიდან ლელოს გატანა მარბიელმა გიორგი ბიზიკაშვილმა და კვაჭმა ლუკა გორგოძემაც მოახერხეს. ‘ხვამლის’ ფრთა გიორგი ირემაძემ კი 3 ჯარიმა გაიტანა. ‘არმია’ მედგრად იბრძოდა, 3 ლელო გაიტანა და შეხვედრის მიწურულს მარბიელ ნიკოლოზ ჯანგულაშვილის დადებული ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა, თუმცა მატჩის შემოტრიალება ვერ შეძლო. ლუკა გორგოძის გარდაუსახავმა ლელომ სტუმრები სამატჩო ქულის გარეშე დატოვა. ‘ხვამლმა’ შეხვედრა-33:22 მოიგო.

ვაზისუბანში, ‘არმაზი’-ლოკომოტივის’ შეხვედრამაც უშღავათო ბრძოლაში, ქულა-ქულაში განვლო. ‘არმაზი’ თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში ანგარიშში მცირე უპირატესობას ფლობდა. მეორე ტაიმის შუაწელს, მარბიელ ნიკა კახელის გარდაუსახავი ლელოთი ‘ლოკომოტივმა’ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ კვაჭ გიორგი დევაძის გარდაუსახავი ლელოთი მასპინძლები კვლავ 5 ქულით დაწინაურდნენ.

მატჩის დამთავრებამდე 3 წუთით ადრე ბურჯ დავით ცოფურაშვილის ლელოთი სტუმრებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო მარქაფადან ჩართული ჰავბეკის თემურ თალაკვაძის ზუსტად შერულებული გარდასახვის შემდეგ 2 ქულით წინ გავიდნენ. დარჩენილ დროში ‘არმაზმა’ გასატანი ჯარიმა გამოიმუშავა, მაგრამ ფრთა საბა გოგოშვილს მეტად ხელსაყრელი პოზიციიდან დარტყმა გაუცუდდა. ‘ლოკომოტივმა’-17:15 მოიგო და 3-მატჩა მარცხიანი სერიაც დაასრულა.

„აია არენაზე“, ‘აია’-2-ისა და ‘აიას’ რიონისპირული დერბი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. მატჩი ვიცე-ჩემპიონის კარნახით წარიმართა, თუმცა 1 წლით უმცროსმა თანაქალაქელებმა ფავორიტს ტოლი არ დაუდეს და 3 ლელო გაუტანეს. ფულბეკ ლუკა მუშკუდიანის გარდასახული ლელოთი ‘აია’ მატჩის დებიუტში დაწინაურდა და ანგარიშში უპირატესობა ხელიდან არ გაუშვია. იმის მიუხედავად, რომ ვიცე-ჩემპიონმა მთლიანობაში 5 ლელო გაიტანა, გაგა სინაურიძის ბიჭებმა დაგეგმილი პრემიალური ქულის აღება ვერ შეძლეს. მატჩის მიწურულს ‘აია’-2-ის ფულბეკ გიორგი ხუჯაძის გარდასახული ლელოთი, აუტსაიდერმა საკუთრივ ნუგეშ-ქულა მოიპოვა, ფავორიტი მეტოქე კი ბონუს-ქულის გარეშე დატოვა. ‘აიამ’ მატჩი-29:22 მოიგო.

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063392
სარეკლამო ადგილი - 99
X x X