ევროპა ლიგის ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა ნორვეგიულმა „ბოდო გლიმტმა“, რომელმაც საკუთარ მოედანზე რომის „ლაციო“ 2:0 დაამარცხა.
„ბოდო გლიმტის“ მოედანზე თამაში ყველას უჭირს და „ლაციოც“ არ გამოდგა გამონაკლისი. თამაშის სცენარიდან გამომდინარე თავისუფლად შეიძლებოდა ნორვეგიულ კლუბს 5 ან 6-ბურთიანი სხვაობით მოეგო და იმსახურებდა კიდეც, მაგრამ საგოლე მომენტები გაანიავა.
სამაგიეროდ, ზუსტი იყო ულრიკ სალტნესი, რომელმაც მეორე ტაიმში ორჯერ გაუტანა მეტოქეს. ამრიგად, ერთ კვირაში „ლაციო“ „სტადიო ოლიმპიკოზე“ საკმაოდ რთული მისიის წინაშე იქნება.
კონფერენს ლიგის მეოთხედფინალში ლონდონის „ჩელსიმ“ სტუმრად ვარშავის „ლეგია“ 3:0 დაამარცხა და პრაქტიკულად გავიდა მომდევნო ეტაპზე.
ენცო მარესკას გუნდმა სამივე გოლი მეორე ტაიმში გაიტანა. ტირიკი ჯორჯიმ გამოიჩინა ერთხელ თავი, დუბლი გაიფორმა ნონი მადუეკემ. „ჩელსი“ კონფერენს ლიგის აშკარა ფავორიტია და ნახევარფინალამდე ისე მიდის, რომ ოდნავი კონკურენციაც კი ჯერ ვერავინ გაუწია. საპასუხო მატჩი, რომელიც ფორმალობაა, ერთ კვირაში ლონდონში გაიმართება.