ცნობილი ნიდერლანდელი მწვრთნელი ლეო ბენჰაკერი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისმა ოჯახმა გაავრცელა.
ბენჰაკერს წარმატებული სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა, რომლის განმავლობაში არაერთგან იმუშავა. მათ შორის, ნიდერლანდების ნაკრების, მადრიდის „რეალის“, „აიაქსის“, „ვოლენდამის“, „სარაგოსას“, „ამერიკას“ „ვიტესის“, „გვადალახარას“, „გრასჰოპერსისა“ და „ფეიენოორდის“ მწვრთნელი იყო.
ერთ-ერთ დასამახსოვრებელ წარმატებას ტრინიდადისა და ტობაგოს ნაკრებში მიაღწია, რომელიც 2006 წელს ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა. ბოლოს კი, მწვრთნელად პოლონეთის ნაკრებში მუშაობდა, რომელიც ევრო 2008-ზე გაიყვანა.
მან „აიაქსს“ ორჯერ და ერთხელ „ფეიენოორდს“ ნიდერლანდების ჩემპიონატი მოაგებინა, ხოლო მადრიდის „რეალთან“ ერთად სამჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ორჯერ ესპანეთის სუპერთასის და ერთხელ ესპანეთის თასის გამარჯვებული.