საქართველოს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტური ფოთში დაიწყო, სადაც „კოლხეთმა“ და ქუთაისის „ტორპედომ“ ქულები გაიყვეს.
დირკ შუსტერის გუნდს 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს, პირველი ტურის მერე იყო ზედიზედ 4 წაგება და ახლა 2 ფრე - „ტორპედოსთვის“ სეზონის სტარტი კატასტროფულია. პრინციპში, რაღა სტარტი, პირველი წრის ბოლომდე ორადორი მატჩი რჩება...
„ტორპედო“ „ფაზისზე“ ორჯერ აგებდა: ჯერ გიორგი აბუაშვილმა გაიტანა ეფექტური გოლი, რასაც მალევე ბიორნ იონსენმა უპასუხა. მეორე ტაიმის დასაწყისში გუნდებმა კიდევ თითო გოლი გაცვალეს. თორნიკე შეყილაძემ კახა ჩხეტიანის გუნდი მეორედ დააწინაურა, რასაც გიორგი კოხრეიძემ უპასუხა - 2:2.
„ტორპედო“ 5 ქულით ჯერჯერობით მხოლოდ მეშვიდე ადგილზეა და მომდევნო ტურში „დინამო თბილისს“ შეხვდება, ხოლო „კოლხეთს“ ასევე 5 ქულით მერვე ადგილი უკავია და გორის „დილასთან“ დაპირისპირება ელოდება
„კოლხეთი“ – „ტორპედო“ 2:2 (1:1)
გოლები: 1:0 აბუაშვილი (14), 1:1 იონსენი (17), 2:1 შეყილაძე (48), 2:2 კოხრეიძე (56)