ლონდონის „არსენალი“ მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგაზე ერთადერთხელ, 19 წლის წინ გადაეყარა და მისი ბარიერი დაძლია (ორი მატჩის ჯამში 1:0). საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ახლაც ინგლისური კლუბი გავა შემდეგ ეტაპზე.
„არსენალის“ ფანები ამ დღეს ძალიან დიდი ხანი ელოდნენ, ბევრი წელი გავიდა, რაც „მეთოფეებს“ ჩემპიონთა ლიგაზე მსგავსი საღამო არ ჰქონიათ. მიკელ არტეტას გუნდმა „რეალი“ 3:0 გაანადგურა და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ ძალიან კომფორტული, დიდი უპირატესობით ჩავა.
შედეგი ლოგიკურია, ანგარიში შეიძლება არა, რადგან „არსენალს“ შეეძლო უფრო დიდი სხვაობით მოეგო. ტიბო კურტუა ირჯებოდა შესანიშნავად, ხანდახან მასპინძლებს სიზუსტე აკლდებოდათ. თუმცა, არც სამბურთიანი გამარჯვებაა ურიგო...
სამივე გოლი „არსენალმა“ მეორე ტაიმში გაიტანა, 17-წუთიან ინტერვალში. დეკლან რაისი მატჩის გმირი იყო, დუბლი შეასრულა, თან როგორი დუბლი! ინგლისელმა ნახევარმცველმა ორი საოცარი ჯარიმა გაიტანა და „ემირეითსი“ აღტაცებაში მოიყვანა. შემდეგ იყო მიკელ მერინოს მესამე გოლი.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ერთმა ფეხბურთელმა ორი ჯარიმა გაიტანა. კიდევ ერთი: რაისს პროფესიულ კარიერაში აქამდე ჯარიმა არ ჰქონდა გატანილი, სამაგიეროდ, 12 წუთში ორჯერ გაიტანა.
რაისი მეხუთე ფეხბურთელია რივალდოს, კრიშტიანუ რონალდუს, ნეიმარისა და ჰაკიმ ზიეშის შემდეგ ვინც, ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში ორი ჯარიმა გაიტანა.
კარლო ანჩელოტის გუნდი ურთულეს სიტუაციაშია, მისი ჩამოწერა არასდროს შეიძლება, მაგრამ ბოლო დროს „სამეფო კლუბი“ საუკეთესო ფორმისგან შორსაა, წესით, ძალიან უნდა გაუჭირდეს მორიგი სასწაულის მოხდენა.
„არსენალი“ კი, ძალიან ახლოსაა, 2009 წლის შემდეგ პირველად ითამაშოს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, ძალიან დიდი დრო გავიდა, 16 წელი.
საპასუხო მატჩი 16 აპრილს, მადრიდში გაიმართება.
„არსენალი“ – „რეალი“ 3:0 (0:0)
გოლები: 1:0 რაისი (58), 2:0 რაისი (70), 3:0 მერინო (75)