თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატზე გივი მაჭარაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მესამედ გახდა. გარდა ამისა, დღეს, ბრინჯაოს მედლები ვლადიმერ გამყრელიძემ და აკაკი ქემერტელიძემ მოიპოვეს.
97 კგ წონით კატეგორიაში მაჭარაშვილმა პოლონელი რადოსლავ ბარანი (11:0) და უნგრელი რიჩარდ ვეგი (10:0) დაამარცხა, ხოლო ფინალში რუს მაგომედ ყურბანოვს დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 აჯობა, მიუხედავად იმისა, რომ 0:2-ს აგებდა. გივი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა.
70 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა აკაკი ქემერტელიძემ, რომელმაც გუშინ ნახევარფინალამდე მისვლა შეძლო, დღეს კი, მედლისთვის შეხვედრაში უკრაინელი ოლექსი ბორუტა დაამარცხა.
79 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალს ვლადიმერ გამყრელიძე დაეუფლა, რომელმაც ჯერ რეპეშაჟში უკრაინელი ვასილ მიხაილოვი 5:3 და შემდეგ ესპანეთის სახელით მოასპარეზე მოჰამედ მოტაგინასთან 4:1 გაიმარჯვა.
დღესვე, ბრინჯაოს შანსი რობერტ დინგაშვილს (57 კგ) და გოგა ოთინაშვილს (65 კგ), მაგრამ ისინი უმედლოდ დარჩნენ.
ამრიგად, საქართველოს ნაკრების აქტივში ამ დროისთვის სამი მედალია ერთი ოქრო და ორი ბრინჯაო, ხოლო 9 აპრილს, ფინალში იჭიდავებს სოლომონ მანაშვილი (125 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.