ფეხბურთი

23:45 | 7.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "მნიშვნელოვანი 90 წუთი გველოდება, მაგრამ არა გადამწყვეტი"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „არსენალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც მან თქვა, მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ არა გადამწყვეტი, რადგან საპასუხო შეხვედრა მადრიდში უნდა გაიმართოს და ყველაფერი იქ გადაწყდება.

„ვფიქრობ, „რეალს“ შეუძლია ტიტულების მოგება, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ ვიქნებოდი და შვებულებას ავიღებდი. საჭიროა ვცადოთ, შემდეგ თუ ყველაფერი კარგად წავა, მოვიგებთ, თუ არადა, მომდევნო სეზონზე ვიფიქრებთ. „არსენალი“ სტანდარტულ მდგომარეობებზე ძალიან სახიფათოა, ვეცდებით თავი კარგად დავიცვათ, მაგრამ საჭიროა ჩვენც ვიყოთ სახიფათო, როცა სტანდარტული მდგომარეობა გვექნება. ეს ხვალინდელ მატჩში მნიშვნელოვანი ასპექტი იქნება.

კრიტიკაზე ფიქრის დრო არ არის, როცა ყოველ სამ დღეში ერთხელ თამაში გვაქვს. „ვალენსიასთან“ მატჩს ანალიზი გავუკეთეთ და ახლა საჭიროა „არსენალისთვის“ კარგად მომზადება. ეს 90 წუთი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი, რადგან „ბერნაბეუზე“ კიდევ 90 წუთი დარჩება.

სტვენა ვინისიუსს? არ მისაუბრია მასთან, ვიცი, რომ უკეთ თამაში შეეძლო, მჯერა, ხვალ შესანიშნავად ითამაშებს.

ამ ტურნირზე გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, არ გეშინია ასეთი მატჩების, ამ წნეხის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გქონდეს ეს გამოცდილება და გყავდეს ფეხბურთელები, რომლებსაც მსგავსი თამაშები არაერთხელ უთამაშიათ, ეს ახალგაზრდებსაც ეხმარება.

მადლობა არტეტას იმისთვის, რაც ჩემზე თქვა. მან ეს გუნდი მწვერვალზე აიყვანა, სრულყოფილი გუნდი შექმნა, ევროპაში ასეთი ბევრი არაა. ზოგი კარგად მუშაობას, მაგრამ „არსენალივით“ სრულყოფილი გუნდი არ არის“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ – „რეალის“ მატჩი 8 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127122