იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში „რომამ“ „იუვენტუსს“ უმასპინძლა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში გუნდებმა ქულები გაიყვეს.
„რომას“ ბოლო 7 მატჩი ჩემპიონატში მოგებული ჰქონდა, მშვენიერ ფორმაშია, ხოლო „იუვენტუსში“ იგორ ტუდორი ახალ იდეებს ამკვიდრებს. თუმცა, ტურინულმა გუნდმა თამაში უკეთ დაიწყო და პირველ ტაიმში მეტოქეს აჯობა. საგოლე მომენტები ორივე კართან შეიქმნა, უფრო მეტად მაინც „იუვე“ აქტიურობდა და მე-40 წუთზე მანუელ ლოკატელიმ ულამაზესი გოლით ანგარიში გახსნა.
„რომამ“ სამაგიეროდ მეორე ნახევარი დაიწყო კარგად და 49-ე წუთზე გაათანაბრა კიდეც. თავი უზბეკმა თავდამსხმელმა ელდორ შომუროდოვმა გამოიჩინა. დარჩენილ დროში ფრთხილი თამაში გაჩაღდა და ლოგიკურად არაფერი შეცვლილა - 1:1.
„იუვენტუსი“ 56 ქულით მეოთხე-მეხუთე ადგილებს „ბოლონიასთან“ ერთად იყოფს, „რომას“ 53 ქულა აქვს. ზოგადად, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ძალიან ფიცხელი ბრძოლაა. „ატალანტას“, რომელიც მესამე ადგილზეა, 58 ქულა აქვს, „იუვეს“ და „ბოლონიას“ 56-56, „ლაციოს“ 55, „რომას“ 53, „ფიორენტინას“ 52...