საქართველოს ნაკრებისა და „ლიონის“ თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ Telefoot-მა გადაცემა მოამზადა.
საინტერესო ჩანახატში მიქაუტაძე საუბრობს, მაგრამ მის შესახებ საუბრობენ მისი მშობლები, ხვიჩა კვარაცხელია, „ლიონის“ ლეგენდარული ფორვარდი სონი ანდერსონი...
„შენ საქართველოს და ჩვენი ოჯახის სიამაყე ხარ! გააგრძელა შრომა და ყველაფერი გამოგივა“, - ეუბნება გიორგის დედა, რის შემდგომაც ქართველი ფეხბურთელი ატირდა.
მიქაუტაძემ თბილად ისაუბრა საქართველოს ნაკრების მაისურით თამაშზე: „ეროვნული ნაკრებ, საქართველო, ჩემი მშობლების ქვეყანა, ჩემთვის მნიშვნელოვანია“, - ამბობს 24 წლის ფეხბურთელი.
„გიო, ძალიან მაგარ ფორმაში ხარ და ეგრე გააგრძელე. ნაკრებში ერთად ბევრი გოლი უნდა გავიტანოთ, კი იცი, ყოველთვის ამას გეუბნები. საუკეთესოს გისურვებ“, - უთხრა ხვიჩა კვარაცხელიამ მიქაუტაძეს.
„ხვიჩა პარიზში, ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენში“, მიხარია, რომ ისინი აქ თამაშობენ“, - თქვა გიორგიმ.
„ლიონის“ რიგებში 94 გოლის ავტორი, ბრაზილიელი სონი ანდერსონი ფიქრობს, რომ მიქაუტაძემ თავი ევროპა ლიგაზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ კარგად უნდა წარმოაჩინოს: „მიქაუტაძემ „მანჩესტერთან“ უნდა დაამტკიცოს, რომ საერთაშორისო დონის თავდამსხმელია“.
თავის მხრივ, მიქაუტაძეს სჯერა, რომ ევროპა ლიგაზე „ლიონს“ ბოლომდე გასვლა შეუძლია: „რა თქმა უნდა, შეგვიძლია ევროპა ლიგაზე ბოლომდე მისვლა, აქამდე ევროტურნირებზე შესანიშნავი გზა გავიარეთ. უფრო მეტი შრომა მოგვიწევს იმისთვის, რომ ბოლომდე მივიდეთ“.
გიორგიმ ასევე აღნიშნა, რომ „ლიონში“ ისტორიის დასაწერად დაბრუნდა, კლუბში, რომელიც მისთვის მშობლიურია და სადაც გაიზარდა.
გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 39 მატჩში 14 გოლი და 8 საგოლე პასი აქვს აქტივში, საქართველოს ნაკრებში კი, 37 შეხვედრაში 20 გოლის გატანა მოახერხა.