„პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე 6 ტურით ადრე გახდა და ისტორიაში მე-13-ედ მოიპოვა ეს ტიტული.
„ანჟერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა. მან ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენა, მაგალითად. კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, რომ მისი გუნდი ერთად უტევს და თავსაც ერთად იცავს, ესპანელმა ხვიჩასგან სწორედ დაცვაში გაწეული სამუშაო გამოარჩია:
„რთული მატჩი იყო, ჩვენი მეტოქე დიდი ინტენსივობით თამაშობდა, დაცვაში კარგად იყო ორგანიზებული. გოლის გასატანად რამდენიმე კარგი მომენტის შექმნა გვჭირდებოდა. ტიტული დამსახურებულად მოვიგეთ, მინდა, მივულოცო ყველას, ვინც კლუბის ნაწილია და განსაკუთრებით გულშემატკივრებს, ისინი გამორჩეულები არიან, ყოველთვის მხარს გვიჭერენ, ვგრძნობთ მათ სუნთქვას და მხარდაჭერას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი დღეა ყველა პარიზელი ქომაგისთვის.
საფრანგეთის ჩემპიონის ტიტულის მოგება აპრილის დასაწყისში ნიშნავს, რომ ძალიან მაღალ დონეზე ვიყავით. ჯერ კიდევ რამდენიმე თამაში გვაქვს ჩასატარებელი, გვაქვს მოტივაცია, რომ სეზონის ბოლომდე დაუმარცხებლად დავრჩეთ. ეს დაგვეხმარება იმ ტურნირებზე, რომლებშიც მიზნები გვაქვს, საფრანგეთის თასის ფინალსა და ჩემპიონთა ლიგაზე.
გასული სეზონის კარგი იყო, რამდენიმე ტიტული მოვიგეთ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავედით, მაგრამ წლევანდელი სეზონი უკეთესია, არა მხოლოდ სტატისტიკით, რომელიც უკეთესია, არამედ გუნდის თამაშით. ძალიან რთული სიტუაციებიდან გამოვედით, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე. გუნდმა გამოიჩინა სიმწიფე, რომელიც ასეთ ახალგაზრდა გუნდს არ შეესაბამება. გუნდი გამოირჩევა შეტევაშიც და დაცვაშიც ერთიანობით, გამიმართლა, რომ გულუხვი ფეხბურთელები მყავს, როგორც დღეს კვარაცხელია. სულაც არ იყო უტოპია, როცა ვამბობდი, რომ მინდოდა 11 თავდამსხმელი და 11 მცველი მყოლოდა, ეს მომწონს, ეს გულშემატკივრებსაც სიამოვნებთ.
სტატისტიკა შეიძლება მიუთითებდეს, რომ ჩვენთვის ლიგა 1 ადვილია, მაგრამ ასე არ არის, ეს არ არის მარტივი ჩემპიონატი, არცერთი მატჩი ჩვენთვის ადვილი არ ყოფილა. ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ ყველა ტურნირზე, ჩემპიონთა ლიგაზე 8 გუნდი დარჩა, ადვილი არ იქნება, მაგრამ იქ ვართ, სადაც ყოფნა გვინდოდა. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება შორს წავიდეთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, „პარი სენ-ჟერმენს“ ლიგა 1-ში 74 ქულა აქვს (23 მოგება, 5 ფრე) და დაუმარცხებელია. ლუის ენრიკეს გუნდი ჩემპიონი უკვე გახდა, მაგრამ დარჩენილ 6 ტურში კიდევ ერთი მიზანი ექნება: ჩემპიონატი წაუგებლად დაასრულოს, რაც ალბათ, არც უნდა გაუჭირდეს. გარდა ამისა, პსჟ საფრანგეთის თასის ფინალში (მეტოქე "რეიმსი") და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია გასული (მეტოქე "ასტონ ვილა").
ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 3 გოლით, 4 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ლიგა 1-ში კი, მის აქტივში 10 მატჩი, 2 გოლი და 3 ასისტია.