ფეხბურთი

1:32 | 5.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "მომწონს, როცა ბევრი მატჩია, თამაშზე უკეთესი ვარჯიში არ არსებობს"

სლოვაკეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში ბრატისლავის „სლოვანი“ სტუმრად „ჟილინას“ დაუპირისპირდება და მატჩის წინ კლუბის ვებგვერდზე გურამ კაშიას ინტერვიუ გამოქვეყნდა.

„პოდბრეჟოვასთან“ მატჩამდე გასახდელში ვამბობდით, რომ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი კვირა გველოდა სამი მატჩით, რომელიც შეიძლება გადამწყვეტი ყოფილიყო სეზონის დარჩენილ ეტაპზე. პირველ-ორ შეხვედრაში ძალიან კარგ შედეგს მივაღწიეთ და კარგ ხასიათზე ვართ, მზად ვართ შაბათისთვის.

მსგავს მატჩებს ყოველდღე არ ვთამაშობთ, საინტერესო დაპირისპირება იქნება. არ ვნერვიულობ, არამედ აღფრთოვანებული ვარ მოახლოებული მატჩის გამო, დიდი გამოცდილება გვაქვს, ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია მსგავს მომენტებს გავუმკლავდეთ. მირჩევნია, როცა მჭიდრო გრაფიკია, მატჩებზე უკეთესი ვარჯიში არ არსებობს, ეს საუკეთესო ვარჯიშია. ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებული, რამდენიმე ფეხბურთელიც კარგ ფორმაშია.

ყოველთვის მსურს თამაში, მაგრამ როცა სკამზე ვრჩები, პატივს ვცემ გადაწყვეტილებას, რადგან დანარჩენებსაც სჭირდებათ სათამაშო პრაქტიკა. „ჟილინაში“ ალექსანდრე ნარიმანიძე თამაშობს? ვიცნობ ნარიმანიძეს და მის ოჯახს, ხანდახან კონტაქტი გვაქვს. ის ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც პოტენციალი აქვს. „დუნაისკა სტრედაში“ ასევე არის მცველი კაპანაძე, რომელიც ძალიან კარგად თამაშობს და მასაც ვიცნობ. მიხარია, რომ ჩემი თანამემამულეები სლოვაკეთში ჩამოდიან, მჯერა, რომ დადებით შთაბეჭდილებას დატოვებენ.

ტიგრან ბარსეგიანის წინააღმდეგ თამაში საინტერესო იყო. მოედანზე არ არსებობს მეგობარი და ძმა, თუმცა მატჩის შემდეგ ბევრი ვისაუბრეთ, მაისურები გავცვალეთ. ტიგრანის გამო ვწუხვარ, სომხეთის ნაკრებმა კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ ფეხბურთი ასეთია.

შემოდგომა ძალიან დატვირთული იყო, ჩემპიონთა ლიგაზეც ვთამაშობდი, ნაკრებშიც, გაზაფხული ცოტა უფრო მშვიდია, მეტი დრო მაქვს დასვენებისთვის, რაც მომწონს. თავს ძალიან კარგად და ენერგიულად ვგრძნობ“, - თქვა კაშიამ.

„სლოვანი“ 56 ქულით ლიდერობს სლოვაკეთის ჩემპიონატს და მეორე ადგილზე სწორედ „ჟილინაა“, რომელსაც 7 ქულით ნაკლები აქვს. გურამ კაშიამ მიმდინარე სეზონში „სლოვანის“ მაისურით ყველა ტურნირზე 37 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116694
სარეკლამო ადგილი - 99
X x X