ფეხბურთი

17:55 | 4.04.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლევანტეს" მწვრთნელი ქოჩორაშვილის ტრანსფერზე: "დიდი თევზები პატარებს ჭამენ"
"ის ბოლომდე დაიხარჯება, ეჭვი არ მეპარება. ბიჭებს უხარიათ, რომ წინ დიდი ნაბიჯი გადადგა"

„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ „რასინგთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერზეც ილაპარაკა.

ქართველი ფეხბურთელი პირველი ივლისიდან ლისაბონის „სპორტინგს“ შეუერთდება, ეს ამბავი უკვე ოფიციალურად დადასტურდა. კალერომ საკითხზე ვრცლად ისაუბრა:

„რა თქმა უნდა, ქოჩორაშვილის ტრანსფერზე ვიცოდი, სხვანაირად რომ იყოს, ჩემს პოზიციაზე არ ვიქნებოდი, მწვრთნელმა ყველაფერი უნდა იცოდეს, რაც მის გუნდში ხდება. როგორც მწვრთნელი, ვისურვებდი, რომ ყველა ფეხბურთელი შევინარჩუნოთ, გარდა იმ ფეხბურთელებისა, რომლებიც არ გვინდა, მაგრამ ასე არ არის. არსებობს სატრანსფერო ბაზარი და დიდი თევზი პატარა თევზს ჭამს, ეს არის ბაზრის წესი და ასევე კლუბის საჭიროება. გიორგი შესანიშნავი ბიჭია, ძალიან ერთგული, რომელიც აქ ბოლომდე დაიხარჯება. შეიქმნა გარემოებები, რომლებიც გარდაუვალი იყო კლუბისთვის. რა თქმა უნდა, ველაპარაკე ფეხბურთელს, განსაკუთრებით იმის გასაგებად, თუ როგორ გრძნობდა თავს მენტალურად. როდესაც მიდიხარ ისეთ კლუბში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, ჩვენ ცოტა რამის გაკეთება შეგვიძლია. მინდა, ბოლომდე დაიხარჯოს და ცხადია, ასე იქნება. ასე რომ, ის 30 ივნისამდე ჩვენი ფეხბურთელია, თუმცა, ვისურვებდი, ჩვენთან უფრო დიდხანს ყოფილიყო. ვიმეორებ, ეს ბაზრის ვითარებაა და ხდება ზოგადად ფეხბურთში, არა მხოლოდ ჩვენთან.

ანდრესი და ქოჩო ცხადია, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან, რადგან მასში ამდენი ფული გადაიხადეს. მათი გაყიდვა არ ნიშნავს, რომ ოცნება შევწყვიტოთ, გუნდები ამისთვის მზად უნდა იყვნენ. გიორგი სეზონის ბოლომდე აქ იქნება, მერე ვნახოთ, სად ვიქნებით, რა მოხდება დარჩენილ მატჩებში, იმის მიხედვით შევაფასებთ სიტუაციას.

ბიჭებს უხარიათ ქოჩორაშვილის ნაბიჯი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდში მიდის. ეს ყველას არ შეუძლია. მეორე მხრივ დამწუხრებული არიან, რადგან სურდათ, რომ ქოჩო ჩვენთან უფრო დიდხანს ყოფილიყო. ყველამ ზომიერად მიიღო ეს ამბავი. თუმცა, მინდა, ყველამ იცოდეს, რომ ის ამ თამაშებში ბოლომდე ერთგული იქნება თავისი საქმის და მაქსიმუმს გააკეთებს. ამაში ეჭვი არ მეპარება, მას სეზონის ბოლო ნაწილში ბევრი რამის გაკეთება შეუძლია“, - თქვა კალერომ.

გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ 2019 წელს შეუერთდა და მალევე, ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდა „ბილბაოს“ წინააღმდეგ. შემდეგ ის „კასტელონში“ იყო განათხოვრებული, ხოლო ვალენსიური კლუბის ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად 2023 წლიდან იქცა. მან დღემდე „ლევანტეში“ 57 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელის აქტივში ლა ლიგა 2-ის 26 შეხვედრაში 6 გოლი და 4 საგოლე პასია.

საქართველოს ნაკრებში დებიუტი ქოჩორაშვილს 2023 წელს ჰქონდა და 19 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.

0.06798