ფრანგულ კარიერაში ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა ერთმანეთის წინააღმდეგ პირველად ითამაშეს და თავიც გამოიჩინეს: გოლი და საგოლე პასი ქართველების აქტივში.
ლიგა 1-ის 27-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „სენტ ეტიენი“ 6:1 გაანადგურა. არადა, „მწვანეებისთვის“ ყველაფერი კარგად დაიწყო. მე-9 წუთზე ზურიკოს შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ ლუკას სტასენმა თავით გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა. „სენტ ეტიენი“ უძლეველ მეტოქეს 43-ე წუთამდე ამარცხებდა, სანამ პენალტით გონსალო რამოშმა არ გაათანაბრა. ეს იყო მე-15 პენალტი მიმდინარე სეზონში, რომელიც „სენტ ეტიენის“ კარში დაინიშნა, რაც ტოპლიგების ანტირეკორდია.
მეორე ტაიმში უკვე პსჟ-მ მეტოქეს მარტივად აჯობა. 50-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქეს ბურთი წაართვა, შეტევაში გადავიდა, რომელიც ზუსტი დარტყმით თავადვე დაასრულა და პსჟ-ში მესამე, ხოლო კონკრეტულად ლიგა 1-ში მეორე გოლი გაიტანა.
სამ წუთში დეზირ დუემ გაიტანა, შემდეგ ჟოაო ნევეშმა, ხოლო 66-ე წუთზე დუემ დუბლი შეასრულა და პარიზელებმა მეორე ტაიმის სტარტიდან 20 წუთში ანგარიში 5:1 გახადეს. ბოლო წუთზე 17 წლის იბრაჰიმ ბაიემ მეექვსეც შეაგდო და სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა.
დავითაშვილი 63-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო კვარაცხელია 64-ე წუთზე. იმ დროისთვის მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.
- ზურიკო დავითაშვილის საგოლე პასი "პარი სენ-ჟერმენთან" (VIDEO)
- ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი გოლი "სენტ ეტიენთან" (VIDEO)
ზურიკო დავითაშვილს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ექვსჯერ საგოლე პასი მიითვალა.
ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ს რიგებში დღემდე ყველა ტურნირზე 15 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 3 გოლით, 3 საგოლე პასით და 1 მოპოვებული პენალტით გამოირჩა, კონკრეტულად ლიგა 1-ში კი, მის აქტივში 9 მატჩი, 2 გოლი და 2 ასისტია.
„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში ისევ დაუმარცხებელია და 71 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „მარსელს“ 22 ქულით უსწრებს და ჩემპიონობასთან ნაბიჯშია. ლუის ენრიკეს გუნდი მომდევნო ტურში 5 აპრილს, „ანჟერს“ უმასპინძლებს.
„სენტ ეტიენი“ 20 ქულით ბოლოსწინა, მე-17 პოზიციაზეა და მომდევნო ტურის მატჩს 6 აპრილს, სტუმრად „ლანსთან“ გამართავს.