ფეხბურთი

1:51 | 29.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძის გოლების სერია გაგრძელდა, თუმცა "ლიონი" დამარცხდა (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 1-ის 27-ე ტურში „ლიონი“ სტუმრად „სტრასბურთან“ დამარცხდა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში მისი კონკურენტია, თუმცა გიორგი მიქაუტაძის გოლების სერია გაგრძელდა.

„ლიონმა“ 2:4 წააგო, ხოლო მიქაუტაძემ ბოლო წუთზე პენალტით დალაშქრა მეტოქის კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ეს გიორგის მე-8 გოლია ბოლო ხუთ მატჩში, რომელიც კლუბსა და ნაკრებში ჩაატარა (პლუს 5 საგოლე პასიც მიითვალა). ასე, რომ შესანიშნავ ფორმაშია.

„სტრასბური“ – „ლიონის“ მატჩში კი, ყველა გოლი მეორე ტაიმში გავიდა. მასპინძლებმა აშკარად აჯობეს მეტოქეს შესვენების შემდეგ და დამსახურებულად მოიგეს. სხვათა შორის, თამაშის დასაწყისში მიქაუტაძე ძალიან ახლოს იყო ულამაზეს გოლთან, მაგრამ მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ მასპინძლები ხარიხამ იხსნა. აღსანიშნავია, რომ "ლიონს" ყველა ტურნირზე 5-მატჩიანი მოგებების სერია შეუწყდა.

გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 38 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი და 8-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 27 მატჩი, 8 გოლი და 4 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 9 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.

„ლიონი“ ლიგა 1-ში 45 ქულით მეექვსე ადგილზე ჩამოქვეითდა, მომდევნო ტურში კი, 5 აპრილს, „ლილს“ საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება.

0.066116