ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა ლოთარ მათეუსმა გერმანია-იტალიის მატჩზე (3:3) ისაუბრა.
ამ შეხვედრაში იტალიელებმა მეორე გოლი კურიოზულად გაუშვეს, რაზეც მათეუსმა ასეთი კომენტარი გააკეთა:
„იტალიელებს კიმიხის კუთხურის დროს, რასაც ჯამალ მუსიალას გოლი მოჰყვა, ღრმად ეძინათ. მსგავსი რამ სასკოლო გუნდებშიც კი არ უნდა მოხდეს. ყველაზე უცნაური გოლი იყო, მაგრამ გერმანელთა პირველი და მესამე გოლები გენიალური იყო.
მეორე ტაიმში გერმანიამ დაკარგა თამაშზე კონტროლი, რადგან პირველი ტაიმის კომპაქტურობა აღარ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ისეთი გამოცდილი ფეხბურთელები იყვნენ, როგორებიც კიმიხი, ტაა და რიუდიგერი არიან, თამაში მოულოდნელად შეიცვალა. პენალტი რომ არ გაუქმებულიყო, იტალია ანგარიშს 3:3-ს ბევრად ადრე გახდიდა და მატჩის ბოლო ნაწილი კიდევ უფრო დაძაბული იქნებოდა“, - თქვა მათეუსმა.
შეგახსენებთ, რომ გერმანია იტალიასთან 3:0-ს იგებდა, მაგრამ მეორე ტაიმში სტუმრებმა სამი გოლი გაიტანეს და მატჩი 3:3 დასრულდა, თუმცა ორი შეხვედრის ჯამში მაინც გერმანიამ გაიმარჯვა - 5:4 (2:1, 3:3).