ფეხბურთი

13:17 | 24.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: "მსგავსი ქმედება აზარალებს ფეხბურთს და ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს"

საქართველოსა და სომხეთის მატჩის შემდეგ (6:1) მომხდარ ინციდენტს ეხმაურება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს.

"მადლობა ჩვენი ნაკრების ერთგულ გულშემატკივარს, რომელმაც დინამო არენაზე მთელი მატჩის განმავლობაში საუცხოო ატმოსფერო შექმნა. თქვენი უდიდესი მხარდაჭერა ნამდვილად იგრძნობოდა სტადიონზე და ტრადიციულად უდიდეს მოტივაციას აძლევდა გუნდს. რისთვისაც, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა.
თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტი, როდესაც მაყურებლის მცირე ნაწილი სტადიონზე შეიჭრა და უსიამოვნო ფაქტს ჰქონდა ადგილი როგორც მოედანზე, ისე სტუმართა გუნდის ტრიბუნასთან.

მიუღებელია მსგავსი ქმედება სტუმარი გუნდის ქომაგის მიმართ. ამ სრულიად მიუღებელი ქმედების გამო, შევურაცხყვეთ როგორც სტუმარი გუნდის გულშემატკივარი, ისე საშუალება არ მიეცა ჩვენს ნაკრებს, ერთგულ ქომაგებთან ერთად ეზეიმა გამარჯვება.

მსგავსი ქმედება აზარალებს ფეხბურთს და ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს, შესაბამისად დააზარალოს ჩვენი ნაკრები და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი.

მადლობა სტუმართა გუნდს და ასევე მათ გულშემატკივარს, რომლებმაც როგორც თბილისში, ისე ერევანში მეგობრული გარემო შექმნეს. ასევე განსაკუთრებული მადლობა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ჩვენ კოლეგებს უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის. ორ ქვეყანას შორის ახლო ურთიერთობის სპორტულ კავშირს ასევე ადასტურებს, საქართველო-სომხეთის ერთობლივი განაცხადი, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის მასპინძლობაზე. იმედი მაქვს როგორც საქართველო, ისე სომხეთი, 2029 წელს 20 წლამდე ნაკრებთა ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი იქნება.

ფეხბურთი გვაერთიანებს და ქმნის წარმატებას. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი საფეხბურთო ნაკრების თითოეულ წევრს, გუნდის სრულ შემადგენლობას, სამწვრთნელო შტაბს, რომლებმაც პლეი-ოფის ორივე შეხვედრაში საოცარი თავდადება და გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოავლინეს." - წერს ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ უეფასგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ორწლიანი პირობითი სასჯელი აქვს, რომელიც გასული წლის ოქტომბერში მიიღო, რადგან ალბანეთთან შეხვედრაში „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გულშემატკივრებმა სტადიონის გასასვლელების ბლოკირება მოახდინეს, ასევე, გამოიყენეს ლაზერი და პიროტექნიკა, რაც აკრძალულია. შედეგად, მაშინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფულადი ჯარიმა და პირობითი სასჯელი მიიღო. სომხეთთან მატჩში კი, უფრო სერიოზული ინციდენტები მოხდა, ამრიგად, დიდი შანსია, რომ მომდევნო საშინაო თამაში საქართველოს ნაკრებმა უმაყურებლოდ ჩაატაროს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.054699