ძიუდო

14:56 | 23.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილი თბილისის გრანდ სლემის ფინალშია

თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღეს ფინალში იჭიდავებს გურამ თუშიშვილი, ხოლო კიდევ ორი ქართველი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

+100 კგ წონით კატეგორიაში თუშიშვილმა ნეიტრალური გუნდის წევრი იბრაგიმ მარგიევი, კვიპროსელი იანის ანტონიუ და მონღოლი გონჩიგსურენ ბატხუიაგი დაამარცხა. ფინალში გურამის მეტოქე რუსი ინალ ტასოევი იქნება, რომელიც ნეიტრალური გუნდის სახელით გამოდის.

ამავე წონაში ბრინჯაოს შანსი აქვს ირაკლი დემეტრაშვილს, რომელმაც ნიდერლანდელი იელე სნიპე და უკრაინელი ევგენი ბალიევსკი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ხსენებულ ტასოევთან წააგო. ბრინჯაოსთვის დემეტრაშვილის მეტოქე უზბეკი შოხრუხონ ბახტიაროვი იქნება. ამავე წონაში უმედლოდ დარჩნენ გაბო მუკბანიანი და საბა ინანეიშვილი.

90 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს გიორგი ჯაბნიაშვილი, რომელმაც ტაჯიკი შოდმონ რიზოევი, ნეიტრალური გუნდის წევრი ალიაქსანდრ სიდორიკი და სერბი ისლამ სოგენოვი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ფრანგ ალექსის მატიუსთან მარცხი განიცადა და ბრინჯაოს მედლისთვის სლოვაკ პეტერ ჟილკას შეხვდება.

ამავე წონაში უმედლოდ დარჩნენ ლუკა მაისურაძე, სოსო ებილაშვილი და ნიკა ხარაზიშვილი.

წარუმატებლად იასპარეზეს ქართველებმა 100 კგ წონით კატეგორიაშიც, სადაც ფინალურ ბლოკს მიღმა დარჩნენ და შესაბამისად, მედლისთვის ვერ იბრძოლებენ ილია სულამანიძე, ნიკოლოზ ზაალიშვილი, იმედა გოგოლაძე და ისლამ წინწალაშვილი.

ქალთა შორის, +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი გამოვიდა, მაგრამ პირველივე შეხვედრა წააგო ფრანგ რომან დიკოსთან და უმედლოდ დარჩა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს აქტივში ამ დროისთვის ექვსი მედალია (2 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო): ეთერ ლიპარტელიანი და ლაშა შავდათუაშვილი ოქროს, თემურ ნოზაძე ვერცხლს, ხოლო ნინო ლოლაძე, ზაურ დვალაშვილი და ირაკლი ბეროშვილი ბრინჯაოს დაეუფლნენ.

0.11104