ფეხბურთი

21:28 | 23.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთის ნაკრების მწვრთნელი: "ასეთი არაპროფესიონალური შეცდომების ფონზე შედეგი სხვანაირი ვერ იქნებოდა"

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ'სხიპმა საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-აუტის საპასუხო მატჩის (1:6) შემდეგ ისაუბრა.

"როგორც წინა პრესკონფერენციებზე ვთქვი, მიქაუტაძე "აიაქსში" განსხვავებულ ფორმაში იყო, გარდა ამისა, კლუბს ფინანსური პრობლემები ჰქონდა და როდესაც გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ტრანსფერში გადახდილი თანხის ნაწილი უკან დაებრუნებინათ. მე მასთან არანაირი პრობლემა არ მქონია, კლუბმა გადაწყვიტა მისი გაყიდვა და ეს ყველა მხარისთვის საუკეთესო გამოსავალი იყო. ვარჯიშებზეც ჩანდა, რომ ის ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელი იყო, მასთან მხოლოდ 4 კვირის განმავლობაში ვიმუშავე.

როდესაც 0:4-ს 30-ე წუთზე აგებ, ცხადია, რომ ყველაფერი ცუდად მიდის. უფლება რომ მქონოდა, იმ დროს მთელ გუნდს შევცვლიდი, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ცვლილებები ნახევარდაცვაში გამეკეთებინა. ვერ ვიტყვი, ამან შედეგი გამოიღო თუ არა, მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ 2 გოლი გავუშვით. 9 გაშვებული გოლიდან 7 ინდივიდუალური შეცდომების შედეგი იყო. საქართველოს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელები, რომლებიც ევროპაში კარგ გუნდებში მაღალ დონეზე თამაშობენ, ეს კი, განსხვავებას ქმნის.

რანოსმა მეორე ბუნდესლიგაში სულ 20 წუთი ითამაშა ამ სეზონში... მესმის, რომ ვარჯიშობს, მაგრამ მეორე ბუნდესლიგაში, 20 წუთი... ის მოვიდა და თამაში მომთხოვა, თორემ გუნდიდან წასვლით დაიმუქრა. ვუთხარი, რომ კარგი, შეგიძლია წახვიდე-მეთქი. ჩემთან აქამდე არც ერთი ფეხბურთელი არ მოსულა მსგავსი მოთხოვნით.

ფეხბურთის ფედერაციასთან შეხვედრა ამ მატჩამდეც დაგეგმილი იყო, ვნახოთ, რა იქნება, ვისაუბრებთ და ანალიზს გავაკეთებთ. როდესაც თამაშს იწყებ და მესამე წუთზე გოლს უშვებ, შემდეგ მეორე, მესამე, მეოთხე გოლს, ასეთ არაპროფესიონალურ შეცდომებს უშვებ, ბუნებრივია, რომ შედეგი ასეთი იქნება. ყველას გვესმის, რომ მსგავსი ანგარიში მიუღებელია. ბოდიშს ვუხდი სომეხ ხალხს და სომეხ გულშემატკივარს ასეთი ანგარიშისთვის. არ ვიცი, ასე რატომ ვითამაშეთ, უბრალოდ, არ ვიცი, ახლა რა ვიფიქრო", - თქვა ვან ტ'სხიპმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო სეზონში ერთა ლიგაზე ისევ B დივიზიონში ითამაშებს, ხოლო შემდეგი სანაკრებო ფანჯარა ივნისშია, როცა ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს, თუმცა მეტოქეების ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

0.064299