ფეხბურთი

17:25 | 22.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

სომხეთის ნაკრების მწვრთნელი: "გვინდა, ისე განვვითარდეთ, როგორც ბოლო წლებში საქართველოს ნაკრები"
სომხეთის ნაკრების მწვრთნელმა შეკრება ერთ ფეხბურთელს დაატოვებინა

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ'სხიპმა უეფას ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრებთან საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

როგორც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა თქვა, გუნდიდან გრანტ-ლეონ რანოსი გაუშვა, რომელმაც თამაშის გარანტია მოითხოვა. ეს მიანიშნებს, რომ სომხეთის ნაკრებში არც თუ ისე იდეალური ატმოსფეროა.

„პირველ რიგში, მინდა, განვაცხადო, რომ ჩვენი შემადგენლობა დატოვა გრანტ-ლეონ რანოსმა, რაც ჩემი გადაწყვეტილებაა. მან მოითხოვა, რომ ხვალ აუცილებლად ეთამაშა, თორემ უარს ამბობდა სომხეთის ნაკრებში მომავალში თამაშზე. დღეს რანოსი მომიახლოვდა და მკითხა, იქნებოდა თუ არა, ძირითად შემადგენლობაში. ვუთხარი, რომ ალბათ, არა. მან მითხრა, რომ ძირითადში თამაში უნდოდა, თუ არადა, გუნდში არ იქნებოდა. მივიღე გადაწყვეტილება, რომ მან გუნდი დატოვოს. არ შეიძლება ფეხბურთელმა თავისი ინტერესები გუნდზე მაღლა დააყენოს. მსგავსი შემთხვევა ჩემს კარიერაში არ მქონია! ის აღარ არის გუნდში, არ იქნება ჩვენთან ერთად. მას ძალიან ცოტა სათამაშო დრო აქვს მეორე ბუნდესლიგაში და ნაკრებში გარანტირებული დრო მოითხოვა. ეს არის ის, რაც მინდოდა მეთქვა, რათა ეს ინფორმაცია სხვისგან არ გაგეგოთ.

გულწრფელად გეტყვით, რომ მე „აიაქსი“ ოქტომბრის ბოლოს ჩავიბარე და 4-6 კვირის განმავლობაში, როცა გიორგისთან ვმუშაობდი, ის არ იყო იდეალურ ფორმაში, ხოლო ბრაიან ბრობი და ჩუბა აკპომი კარგ ფორმაში იყვნენ, გოლები მუდმივად გაჰქონდათ, შესაბამისად, მათ მეტი სათამაშო დრო მიეცათ. ვეცადეთ, რომ გიორგისთვის პოზიცია ნახევარდაცვაში ან თავდამსხმელის უკან გვეპოვა, რაც არ გამოვიდა. მიუხედავად ამისა, მასთან არასდროს პრობლემა არ მქონია, ის ყოველთვის ძალიან კარგად ვარჯიშობდა. საბოლოოდ, ყველასთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო, რომ მიქაუტაძე საფრანგეთში დაბრუნდა და მიხარია, რომ მისი კარიერა წინ წარმატებით წავიდა.

სომხეთის ნაკრებში ეს ჩემი პირველი შეკრებაა, ჯერ სულ სამჯერ ვივარჯიშეთ, ვიცით, როგორ გვინდა მომავალში თამაში, მაგრამ ნაბიჯები ეტაპობრივად უნდა გადავდგათ. გვინდა, ნაბიჯები წინ ისე გადავდგათ, როგორც ეს საქართველოს ნაკრებმა შეძლო ბოლო წლებში. თუმცა, ბევრი დრო არ გვაქვს, რადგან სექტემბერში მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპიც იწყება.

რა თქმა უნდა, მზად ვართ მატჩისთვის. ერევანშიც მზად ვიყავით, თუმცა სამი სერიოზული შეცდომა სამი გოლის გაშვების ფასად დაგვიჯდა. საქართველო ახლა სხვა დონეზეა, განვითარების სხვა ეტაპზეა, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა. ახლა ჩვენი მიზანია, რომ თავი კარგად წარმოვაჩინოთ.

ზოგადად, გუნდში გარემო არ არის ცუდი. რა თქმა უნდა, 0:3 წაგება არასდროსაა სასიამოვნო და ხელსაყრელი არაა კარგი გარემოს ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ არანაირი პრობლემა არ ყოფილა ვარჯიშის პროცესში. ეს ინციდენტი, რომელიც დღეს მოხდა, ჩემთვის დიდი მოულოდნელობა იყო, რადგან ჩემს კარიერაში მსგავსი შემთხვევა არ მქონია. მისი თანაგუნდელებისთვისაც ეს მოულოდნელი იყო და ბიჭებს ავუხსენი, თუ რატომ მოუწია რანოსს შეკრების დატოვება. მან მოითხოვა ხვალ აუცილებლად თამაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უარს ამბობდა სომხეთის ნაკრებში თამაშზე და მსგავსი მიდგომა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

4-3-3 ან 5-3-2-ით თამაში მხოლოდ თვითმიზანი არ არის, ჩვენ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ მეტოქის დონე. უნდა გავითვალისწინოთ მეტოქის ძლიერი და სუსტი მხარეები და ამის მიხედვით შევარჩიოთ ტაქტიკა. საქართველოსთან თამაშს იმ იდეით მივუდექით, რომ მეტოქეს ძალიან კარგი გუნდი ჰყავდა, მაგრამ თქვენც ნახეთ, რომ ბევრი ინდივიდუალური შეცდომა იყო. უნდა ვიპოვოთ გუნდური ბალანსი და მაქსიმალურად მოვემზადოთ მომდევნო მატჩისთვის.

მხოლოდ მეკარის პოზიციაზე არ არის საჭირო ცვლილება და ახალი ფეხბურთელების მოძიება, არამედ ყველა პოზიციაზე საჭიროა ეს და ამასთან, არსებული ფეხბურთელების გაუმჯობესება. ვფიქრობ, ივნისის შეკრებაზე მეტ ფეხბურთელს დავაკვირდებით.

ვიცი, რომ სომხეთში მთავარი მოთხოვნა შედეგია, ეს მწვრთნელის საქმის ნაწილია, ძალიან კარგად ვიცი, რადგან საბერძნეთშიც მსგავს სიტუაციაში ვიყავი, როცა იქ შედეგი ქვაკუთხედი იყო. მეც და თქვენც ხედავთ, რომ ამ გუნდს დრო სჭირდება პროგრესისთვის. საბერძნეთის ნაკრების დღევანდელ შემადგენლობაში ძირითადად იგივე ფეხბურთელები არიან, იგივე გუნდია, რომელიც ჩვენ ავაშენეთ.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ფეხბურთელებთან 25-ჯერ ვისაუბრე. რანოსს ვუთხარი, რომ ახალგაზრდაა, კარგ ასაკშია და თავის შანსს მიიღებდა. თუმცა, სამწუხაროდ, ფეხბურთელმა მოსმენა არ ისურვა. ვცდილობ, ფეხბურთელებს ვესაუბრო, მათი პრობლემები და სურვილები გავიგო", - თქვა ვან ტ’სხიპმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ერევანში, სომხეთის ნაკრები 3:0 დაამარცხა, რითაც პრაქტიკულად გაინაღდა ერთა ლიგის B დივიზიონში დარჩენა და საპასუხო შეხვედრა ფორმალობად აქცია. ეს ნაკრებები ისტორიაში სულ 8-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, საიდანაც 4 მატჩი საქართველომ მოიგო, 2 სომხეთმა, ხოლო ორჯერაც ფრე დაფიქსირდა.

საქართველო-სომხეთის მატჩი 23 მარტს, "დინამო არენაზე", 18:00 საათზე გაიმართება.

0.064512