„ნაპოლის“ და კოსოვოს ნაკრების ფეხბურთელმა ამირ რაჰმანიმ განაცხადა, რომ კლუბისგან ზეწოლას განიცდიდა, რომ ეროვნული ნაკრების მაისურით ისლანდიის წინააღმდეგ არ ეთამაშა.
რაჰმანიმ სერია A-ს ბოლო ტურში დაზიანება მიიღო, თუმცა არც ისე სერიოზული. იტალიური კლუბისგან ზეწოლის მიუხედავად, მან კოსოვოს ნაკრებში შეუცვლელად ითამაშა, საგოლე პასიც გააკეთა და მისმა გუნდმა ისლანდია 2:1 დაამარცხა. რაჰმანიმ მატჩის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა:
„ძალიან ეჭვი მეპარებოდა მეთამაშა თუ არა, რადგან ოთხი დღის წინ, ბოლო მატჩში მცირე დაზიანების გამო შემცვალეს და გარდა ამისა, „ნაპოლისგან“ ცოტა ზეწოლა მქონდა, რომ არ მეთამაშა. თუმცა, გადავწყვიტე მოედანზე გავსულიყავი და ამად ღირდა. მოგება ყოველთვის დადებითია, ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და საპასუხო მატჩის წინ მეტი თავდაჯერებულობა მოვიპოვეთ. ჩვენთვის ეს დიდი მიღწევაა, მაგრამ დღეს ძალიან რთული მატჩი იყო“, - აღნიშნა რაჰმანიმ.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რაჰმანიმ ინსტაგრამში პოსტი გამოაქვეყნა და თავის სიტყვებს განმარტება გაუკეთა:
„გააჩნია, თუ რა კონტექსტით და როგორ ამბობ სიტყვა ზეწოლას. იტალიურად ეს იქნებოდა შეშფოთება. რადგან ოთხი დღის წინ მოედნიდან დაზიანების გამო გავედი. ორივე მხარის ექიმებთან ერთად გადავწყვიტე თამაში. ყოველთვის მზად ვარ „ნაპოლისთვის“ და კოსოვოსთვის“, - წერს რაჰმანი.
შეგახსენებთ, ამირ რაჰმანი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში მუდმივად ხვდება და მიმდინარე სეზონში სერია A-ს ყველა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.