იაპონია პირველია, რომელმაც 2026 წლის მუნდიალის საგზური მოიპოვა (ცხადია, მასპინძლების შემდეგ).
აზიის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურში ჰაჯიმე მორიასუს გუნდმა შინ ბაჰრეინი 2:0 დაამარცხა დაიჩი კამადასა და ტაკეფუსა კუბოს გოლებით.
შედეგად, იაპონიის ნაკრებს შვიდ ტურში 19 ქულა აქვს, C ჯგუფში ლიდერობს და მას კონკურენტები ვეღარ დაეწევიან. როგორც ვთქვით, იაპონია პირველი კვალიფიცირებული ნაკრებია დამდეგ მუნდიალზე, რომელშიც 48 გუნდი ითამაშებს. ოთხი უკვე გარკვეულია: აშშ, მექსიკა, კანადა (მასპინძლები) და იაპონია.
იაპონიამ მუნდიალზე პირველად 1998 წელს ითამაშა და მას შემდეგ ეს ტურნირი არ გამოუტოვებია - ზედიზედ მერვედ ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე.