ფეხბურთი

17:57 | 19.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "სომხეთისგან აგრესიულ თამაშს ველოდები და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ"
"ფეხბურთი ყოველთვის ვითარდება, შეიძლება ახლო მომავალში სქემა შეიცვალოს"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სომხეთის ნაკრებთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, მეტოქისგან აგრესიულ თამაშს ელოდება, მაგრამ სჯერა, რომ მისი გუნდი მზად იქნება ყველაფრისთვის:

„წარსულში ეროვნული ლიგიდან ნაკრებში ფეხბურთელები სულ გვყავდა, დიდ მატჩებშიც ითამაშეს. ამ ეტაპზე ისინი დონეს ვერ აკმაყოფილებენ, თუმცა, ვიმედოვნებ, რომ მომავალში ეს მდგომარეობა შეიცვლება.

ვფიქრობ, ხვალ საკმაოდ რთული თამაში იქნება. ეს მატჩი მიჩნეულია, როგორც დერბი, დერბიში კი, ფავორიტებს არ ასახელებენ. სომხეთს ახალი მწვრთნელი ჰყავს, გულშემატკივრებისგან დიდი მხარდაჭერა ექნებათ და რთულ მატჩს ველოდებით, მაგრამ მჯერა, ჩემი ფეხბურთელები ბრძოლისთვის და კარგი თამაშის ჩასატარებლად მზად იქნებიან. ჯონ ვან ტ’სხიპის წინააღმდეგ თამაში მოგვიწია, როცა საბერძნეთის ნაკრებში მუშაობდა. ის შესანიშნავი მწვრთნელია, ამსტერდამის აიაქსშიც იყო. სომხეთის ნაკრები ბოლო წლებში კარგ შედეგებს აფიქსირებს, შეიძლება ახლა არ არის კარგ მდგომარეობაში, მაგრამ თქვენს ქვეყანაში ფეხბურთს ისეთივე ვნებით ეპყრობიან, როგორც ჩვენთან. ჩვენ კარგი მეზობლები ვართ რეგიონში, მაგრამ ეს ფაქტორი არ ითამაშებს როლს ხვალინდელ თამაშში, ეს იქნება ძალიან მწვავე ბრძოლა.

ბოლო წლებში ძალიან წარმატებულად გამოვცადეთ 3-მცველიანი სქემა, თუმცა, შეუძლებელია, ყოველთვის ერთი და იგივე გააკეთო, ფეხბურთი ყოველთვის ვითარდება. ამიტომ, შეიძლება, ახლო მომავალში ეს სქემა შეიცვალოს.

კვარას გარეშე ძალიან რთულია იგივენაირად თამაში, ის უნიკალური ფეხბურთელია. თუმცა, ვინც არ უნდა ითამაშოს, მთავარია, როგორი იქნება ჩვენი გუნდური სულისკვეთება, გუნდური დისციპლინა, რომელიც გასულ წლებში უმაღლეს დონეზე იყო, თუმცა, ოქტომბერ-ნოემბერში ეს ცოტა დავკარგეთ, ის ტაქტიკური შეთამაშება, რომელიც გვახასიათებდა. ვინც არ უნდა ითამაშოს, მჯერა, რომ ამ დისციპლინას დავიბრუნებთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება თამაშის კარგად დაწყება, რადგან ბოლო მატჩებში ამ მხრივ პრობლემები გვქონდა.

ოქტომბერ-ნოემბერში ჩვენი ბევრი ფეხბურთელი ფიზიკურად და მენტალურად დაღლილი იყო, რაც ბუნებრივი იყო, იმ დატვირთული გრაფიკის გამო, რაც ნაკრებს ბოლო წლებში ჰქონდა. გუნდი ახლა უკეთეს ფორმაშია, მაგრამ ეს ჯერჯერობით, მხოლოდ სიტყვებია და ყველაფერი მოედანზე უნდა დავამტკიცოთ.

როგორც უკვე ვახსენე, სომხეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს, შესაბამისად, ვვარაუდობ, რომ განსხვავებულად ითამაშებენ, მეტი ინტენსივობით, მონდომებული და აგრესიულები იქნებიან, ბოლომდე დაიხარჯებიან და მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ, ჩვენ კი, ამაზე პასუხი მზად უნდა გვქონდეს.

2022 წლიდან მივეჩვიეთ, რომ გასვლით მატჩებზეც დიდი მხარდაჭერა გვაქვს ფანებისგან, დაუვიწყარი იყო, ბულგარეთში თამაში, როცა ჩვენი ფანები მეტი იყვნენ, ვიდრე ბულგარელები. ამის შემდეგ ჩვენს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ძალიან ვაფასებთ მათ მხარდაჭერას და ისიც გვესმის, რომ ისინი ჩვენგან მეტს ელოდებიან, რომ მეტს დავიხარჯებით მოედანზე და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ მათ გასახარებლად“, - თქვა სანიოლმა.

საქართველოსა და სომხეთის ორმატჩიანი დაპირისპირებით ირკვევა, ვინ ითამაშებს ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B ლიგაში და ვინ C ლიგაში. ორი მატჩის გამარჯვებული B დივიზიონში იქნება, ხოლო დამარცხებული შესაბამისად, C დივიზიონში.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გასულ სეზონში ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და სწორედ ამიტომ უწევს დასარჩენ პლეი-ოფში თამაში. პირველი შეხვედრა 20 მარტს, 21:00 საათზე ერევანში შედგება, ხოლო საპასუხო 23 მარტს, 18:00 საათზე თბილისში, „დინამო არენაზე“.

0.063011