ფეხბურთი

19:22 | 18.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ლუკა გუგეშაშვილი კარიერას "პაოკში" გააგრძელებს

საქართველოს ნაკრების მეკარე ლუკა გუგეშაშვილი კარიერას სალონიკის „პაოკში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

„პაოკმა“ „პანსერაიკოსთან“ გარიგებაზე შეთანხმებას მიაღწია და ქართველი მეკარე ერთ-ერთ გამორჩეულ ბერძნულ გუნდს ზაფხულში შეუერთდება. ლუკასთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

ლუკა გუგეშაშვილი „პანსერაიკოსში“ გასულ ზაფხულს აზერბაიჯანული „ყარაბაღიდან“ გადავიდა და შესანიშნავ სეზონსაც ატარებს, რომლის მაისურით სუპერლიგაში 25 მატჩი ჩაატარა. მას „იაგელონიაში“, „დინამო თბილისში“, „დილაში“, „ბიალა პოდლასკაში“, „გრანადაში“, „დილასა“ და „ყარაბაღში“ უთამაშია, ხოლო საქართველოს ნაკრების წევრი 2023 წლიდან მუდმივადაა, თუმცა ჯერ მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

„პაოკი“ საბერძნეთის მოქმედი ჩემპიონია, სულ ეს ტიტული ოთხჯერ აქვს მოგებული 1976, 1985, 2019 და 2024 წლებში, ხოლო 8-ჯერ საბერძნეთის თასს დაეუფლა. სალონიკელები ამჟამად საბერძნეთის სუპერლიგაში 26-ე ტურის შემდეგ 46 ქულით მეოთხე ადგილზე არიან და „ოლიმპიაკოსს“, „აეკსა“ და „პანათინაიკოსს“ ჩამორჩებიან. გუნდის მთავარი მწვრთნელი რაზვან ლუჩესკუა, მირჩა ლუჩესკუს შვილი.

მიმდინარე სეზონში „პაოკის“ ძირითადი მეკარე 25 წლის ხორვატი დომინიკ კოტარსკია, სათადარიგო კიპერის როლი კი, ჩეხ ირჟი პავლენკას აქვს, რომელიც 2017-2024 წლებში ბრემენის „ვერდერის“ შეუცვლელი მეკარე იყო. ბერძნულ გუნდში რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი თამაშობს, მათ შორის, დეიან ლოვრენი, ვიეირინია, ტაისონი, ტიემუ ბაკაიოკო...

0.06582