ფეხბურთი

18:21 | 17.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ცოტნე კაპანაძე: "საკუთარ თავით კმაყოფილი არასდროს ვარ, მინდა, გუნდს უფრო მეტად დავეხმარო"
23 წლის მცველმა სლოვაკეთის ჩემპიონატის ექვს მატჩში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება მოასწრო

„დუნაისკა სტრედას“ ქართველმა ახალწვეულმა ცოტნე კაპანაძემ კარიერის ახალი ეტაპი შესანიშნავად დაიწყო.

ახალგაზრდა ფეხბურთელი სლოვაკური გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად იქცა, ბოლო ორ მატჩში კი, ჯერ საგოლე პასი და შემდეგ გოლი მიითვალა, მიუხედავად იმისა, რომ მცველია. კაპანაძე „დუნაისკა სტრედას“ ვებგვერდს ესაუბრა და „ჟილინასთან“ მატჩი (3:1) შეაფასა, რომელშიც გოლი გაიტანა.

"ჟილინასთან" მატჩზე

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს შესანიშნავი ატმოსფეროსთვის. ორივე გუნდს სურდა გამარჯვება, ამიტომ ძალიან მძიმე, მაგრამ ასევე კარგი მატჩი გამოვიდა. „ჟილინას“ შესანიშნავი გუნდი ჰყავს და ვიცოდით, რომ ადვილი არ იქნებოდა. კარგად მოვემზადეთ და გამოვავლინეთ საბრძოლო სულისკვეთება, რამაც საბოლოოდ გამარჯვებამდე მიგვიყვანა. მიუხედავად იმისა, თავიდან გაგვიჭირდა, როცა საკუთარი თამაშის ჩვენება დავიწყეთ, ყველაფერი კარგად წარიმართა. ვაჩვენეთ, რომ ერთად ვმუშაობთ, როგორც ოჯახი, რომელსაც სჯერა საკუთარი თავის და არასოდეს ნებდება. ჩვენ ვიბრძვით ერთმანეთისთვის, რასაც მაყურებელი ხედავს. ვამაყობ გუნდით".

სადებიუტო გოლის შესახებ

"ვცდილობ, ყველა მატჩში მაქსიმუმი გავაკეთო გუნდისთვის, რადგან მსურს, კონფერენს ლიგაზე გავიდეთ. შესანიშნავი გრძნობა დამეუფლა ამ მაისურით ჩემი პირველი გოლის გატანის შემდეგ. საჯარიმოში სრულიად მარტო აღმოვჩნდი. ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე დავარტყი და სიმართლე გითხრათ, თავიდან ვერ დავიჯერე, რომ ბურთი ბადეში აღმოჩნდა. მხოლოდ მაშინ, როცა გულშემატკივრებმა და ჩემმა თანაგუნდელებმა დაიწყეს ზეიმი".

საგოლე პასზე, რომელიც ტრნავას სპარტაკთან მიითვალა

"საგოლე პასმაც მომცა თავდაჯერებულობა, რომ გუნდისთვის კიდევ უფრო სასარგებლო ვიყო. საკუთარი თავით არასდროს ვიქნები კმაყოფილი და ძალიან მინდა, რაც შეიძლება მეტი გოლის გატანა და რაც შეიძლება მეტი საგოლე პასის გაკეთება. მთავარი მაინც ისაა, რომ გუნდმა გაიმარჯვოს".

ფანებზე

"ნამდვილად ვაფასებ იმ ენერგიას, რომელსაც ფანებისგან ვიღებთ. ამჯერადაც შესანიშნავი ატმოსფერო შექმნეს. ძალიან მომწონს მატჩის დამთავრების შემდეგ გამარჯვებას მათი სექტორის წინ ერთად ზეიმი. სანაკრებო პაუზის დროს სლოვაკეთში დარჩენა გადავწყვიტე. მინდა მოვემზადო შემდეგი მატჩისთვის. ამჟამად მხოლოდ ვარ ორიენტირებული ფეხბურთზე და ჩემს საკლუბო მატჩებზე“.

შეგახსენებთ, ცოტნე კაპანაძე „დუნაისკა სტრედას“ იანვარში თბილისის „იბერიადან“ შეუერთდა, რომლის რიგებში საქართველოს ჩემპიონატი და თასი აქვს მოგებული. სლოვაკეთის ჩემპიონატში 23 წლის მარჯვენა მცველმა ექვს მატჩში 1 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

0.166874