ფეხბურთი

17:49 | 17.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯენარო გატუზომ პირდაპირ ეთერში სამ ენაზე იკამათა: "მოდი, ყველაფერი პირისპირ მითხარი" (+VIDEO)

სპლიტის „ჰაიდუკის“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ ვეტერან ფეხბურთელ იოშკო იელიჩიჩთან MAX Sport-ის პირდაპირ ეთერში იკამათა.

იელიჩიჩი ამჟამად ამ ტელევიზიაში მიმომხილველად მუშაობს და როგორც ჩანს, გატუზოს არ მოეწონა მის მიერ გაკეთებული განცხადებები.

როცა ის კამერების წინ გამოჩნდა, გადაცემაში მყოფ ორ წამყვანს ხელი ჩამოართვა, მაგრამ იელიჩიჩის გაწვდილი ხელი უპასუხოდ დატოვა და შემდეგ მასთან კამათი დაიწყო. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ჯენარო მას სამ ენაზე, ინგლისურად, იტალიურად და ესპანურად ეკამათებოდა...

„შენ არაფერს გეტყვი, რადგან ბევრს ლაპარაკობ, ხალხს პატივს არ სცემ. ფეხბურთი გითამაშია და კარგად უნდა იცნობდე მსგავს სიტუაციებს. ყოველთვის ცუდად საუბრობ და შენდამი არავითარი პატივისცემა არ მაქვს, რადგან შენ ხალხს პატივს არ სცემ“, - უთხრა გატუზომ იელიჩიჩს.

ვეტერანმა ხორვატმა ჯენაროს მოუწოდა, რომ საუბრისას ხელებს ნუ იყენებდა: „ხელებს ნუ იყენებ!“

გატუზომ ამის შემდეგ განაგრძო: „ეს ჩემი სტილია. პატივისცემა უნდა გქონდეს. მხოლოდ მაშინ ლაპარაკობ, როცა სტუდიაში ხარ, ახლა მელაპარაკე, პირისპირ! რა მოიგე შენს კარიერაში? როცა ლაპარაკობ, თითქოს, ყველაფერი მოგებული გაქვს. აქ ბოლოჯერ ვარ, ტელევიზიაში არ ვილაპარაკებ, ეს აქ თუ იქნება, რადგან საშინელი ადამიანია“.

გატუზოს ეთერიდან გასვლის შემდეგ იელიჩიჩმა თქვა: „მითხრა, რომ „ჰაიდუკზე“ ცუდად ვსაუბრობდი, მაგრამ ის უცხოელია და პატივი უნდა სცეს იმას, რაც გვაქვს. მაქვს უფლება ის ვთქვა, რაც მინდა“.

„ჰაიდუკი“ ხორვატიის ჩემპიონატის 26-ე ტურში უშუალო კონკურენტ „რიეკასთან“ 0:3 დამარცხდა და ინციდენტიც ამ მატჩის შემდეგ მოხდა. სატურნირო ცხრილში „რიეკა“ მეორე ადგილზეა, ორი ქულით სწორედ „რიეკას“ ჩამორჩება.

0.125952