ფეხბურთი

9:30 | 17.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლევანტეს" მწვრთნელი: "ქოჩორაშვილი ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია, ბევრს მიაღწევს"

„ლევანტეს“ მთავარმა მწვრთნელმა ხულიან კალერომ გიორგი ქოჩორაშვილზე ისაუბრა. „უესკასთან“ (2:1) მატჩში ქართველი საგოლე პასით გამოირჩა და მწვრთნელისგან შექებაც დაიმსახურა:

„ქოჩორაშვილი შესანიშნავი ფეხბურთელია, მას ბევრი უნარი აქვს, თამაშის, მუშაობის, კარგად ბალანსის დაცვა შეუძლია და მოედნის ხედვაც აქვს. ძალიან მაღალი დონის მოთამაშე და ამას აჩვენებს. მუშაობა უნდა გააგრძელოს, ის ბევრს მიაღწევს, იმედია, ჩვენთან ერთად. ახლა ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს, ცოტა უსამართლობაა, რომ ჩვენი ჩემპიონატი სანაკრებო პაუზის დროს არ ჩერდება, ეს უნდა გადაიხედოს, რადგან გუნდებს ხარისხსს ართმევს, მაგრამ შეგვიძლია შევცვალოთ და კარგი ფეხბურთელები გვყავს“, - თქვა კალერომ.

გიორგი ქოჩორაშვილს მიმდინარე სეზონში 25 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 6 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემაა. „ლევანტე“ ლა ლიგა 2-ში ლიდერია და ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის. მომდევნო მატჩს ესპანური გუნდი ქოჩორაშვილის გარეშე ჩაატარებს, რომელიც საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული, თუმცა, ეს მატჩი გიორგის „ლევანტეში“ დისკვალიფიკაციის გამო მაინც გაუცდებოდა.

0.065576