ფეხბურთი

21:32 | 16.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

L’Equipe: "მიქაუტაძემ ნამდვილად იცის ყველაფრის გაკეთება, მეფური კვირა დიდხანს არ დაავიწყდება"

„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „ლე ავრთან“ მატჩში (4:2) 13 წუთში გოლით და ორი საგოლე პასით შეძლო თავის გამოჩენა. ცნობილი გამოცემა L’Equipe კი, ქართველი ფეხბურთელის დაუჯერებელ თამაშს გამოეხმაურა:

„მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: მიქაუტაძე, მეფური კვირა. გიორგი მიქაუტაძეს ეს კვირა ცალსახაა, რომ დიდხანს ემახსოვრება. ხუთშაბათს, ევროპა ლიგაზე ქართველმა თავდამსხმელმა უმაღლეს დონეზე ითამაშა, თავისი გუნდის ოთხივე გოლში მიიღო მონაწილეობა. ამ კვირას „ლე ავრთან“ პაულუ ფონსეკამ მას ალექსანდრ ლაკაზეტი ამჯობინა, მაგრამ „მეცის“ ყოფილი ფორვარდი მოედანზე ჭექა-ქუხილით შევიდა.

შერკის შეცვლიდან ერთ წუთში მალიკ ფოფანას საგოლე პასი გაუკეთა. 82-ე წუთზე ტოლისოს კუთხურის შემდეგ ისარგებლა მცველების ცუდი განლაგებით და მარჯვენა ფეხით ძლიერად დარტყმით გაიტანა ახლო ძელთან, რითაც ლიგა 1-ში გოლების რაოდენობა შვიდამდე გაზარდა. მატჩი ტიაგო ალმადაზე საგოლე პასით დაასრულა: ბომბარდირი და საგოლე პასის მიმცემიც: „მეფე გიორგიმ“ ნამდვილად იცის, როგორ გააკეთოს ეს ყველაფერი“.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 37 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 8-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 26 მატჩი, 7 გოლი და 4 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 9 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.

„ლიონმა“ 45 ქულა დააგროვა, მეხუთე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 28 მარტს, „სტრასბურს“ ესტუმრება. მანამდე, გიორგი მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში ითამაშებს სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩებში.

0.063177