ფეხბურთი

16:31 | 16.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის პრეზიდენტი ანჩელოტის: "მომდევნო მატჩებში ისევ 72 საათზე ნაკლებს დაისვენებთ, თქვენი არჩევანით"

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა მადრიდის „რეალის“ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ თუ კიდევ ერთხელ მის კლუბს 72 საათზე ნაკლები დრო ექნება მატჩებს შორის, მოედანზე აღარ გავა.

ტებასი იტყობინება, რომ მომდევნო შეხვედრებს შორის შუალედშიც ამაზე ნაკლები დრო ექნება „რეალს“, მაგრამ ეს არა ლა ლიგის გადაწყვეტილებით, არამედ თავად მადრიდული კლუბის არჩევანით იქნება განპირობებული.

„კარლო, დარწმუნებული ვარ, ემილიო ბუტრაგენიომ გითხრა, რომ ლა ლიგამ „რეალის“ შემდეგ მატჩი „ლეგანესთან“ შაბათს, 16:15 საათზე დანიშნა, რათა მეტი დრო გქონოდათ ესპანეთის თასზე „სოსიედადთან“ ნახევარფინალამდე დასასვენებლად. თუმცა, ემილიომ ლა ლიგას სთხოვა, რომ „ლეგანესთან“ მატჩი 21:00 საათზე გადაგვეტანა, მჯერა, რომ შენთან შეთანხმებით, რათა ნაკრებიდან დაბრუნებულ ფეხბურთელებს მეტი დრო ჰქონოდათ. ასე რომ, შაბათის მატჩის დასრულებიდან და თასის ნახევარფინალის დაწყებამდე 72 საათზე ნაკლები დრო იქნება“, - დაწერა სოციალურ ქსელში ტებასმა.

გამოდის, რომ „რეალს“ „ლეგანესსა“ და „სოსიედადს“ მატჩებს შორის 72 საათზე ნაკლები დრო ექნება. საინტერესოა, მიმართავს, თუ არა, მადრიდული კლუბი პროტესტის ფორმას, მაგრამ ლა ლიგამ უკვე ამცნო საზოგადოებას, რომ დროის შეცვლა თავად მოითხოვეს.

0.068732