ინგლისელი ფეხბურთელი დელე ალი ფეხბურთს ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, მაგრამ მოედანზე შესვლიდან 9 წუთში გააძევეს.
დელემ იანვარში კონტრაქტი „კომოსთან“ გააფორმა, რომლის მაისურით დებიუტი „მილანის“ წინააღმდეგ ჰქონდა. ის სესკ ფაბრეგასმა მოედანზე მატჩის მიწურულს შეუშვა, მაგრამ 9 წუთის შემდეგ ინგლისელს მსაჯმა უხეშობისთვის წითელი ბარათი უჩვენა.
აღსანიშნავია, რომ თავიდან არბიტრმა მას ყვითელი ბარათი მისცა, მაგრამ შემდეგ საქმეში VAR-ი ჩაერთო, მონიტორზე ეპიზოდის ყურების მერე კი, ყვითელი წითელი ბარათით შეცვალა.
საინტერესოა, რომ „მილანის“ მცველი კაილ უოკერი არბიტრს სთხოვდა, რომ არ შეეცვალა გადაწყვეტილება და ყვითელი ბარათი ძალაში დაეტოვებინა, რათა ალი არ გაეძევებინა...
დელე ალი და კაილ უოკერი თანაგუნდელები იყვნენ, როგორც ინგლისის ნაკრებში, ისე „ტოტენჰემში“ 2015-2017 წლებში. უოკერის მუდარამ არ გაჭრა, დელეს დაბრუნება უიღბლო გამოდგა. მას ბოლო ოფიციალური მატჩი 2023 წელს ჰქონდა ჩატარებული.
„კომო“ „მილანს“ ამარცხებდა, მაგრამ მეორე ტაიმში ორი გოლი გაუშვა და 1:2 დამარცხდა.