სუპერლიგის მე-17 ტური დღეს რეგიონებში დაიწყო. მატჩები გაიმართა ქუთაისსა და გურჯაანში, რის შემდეგაც ცხრილს ახალი ლიდერი ჰყავს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი “ქუთაისი 2010” დაკარგული ქულებით ისედაც ლიდერი გახლდათ, რადგან ყველაზე ნაკლები მატჩი ჰქონდა წაგებული, თუმცა ახლა ცხრილშიც გაპირველდა. ქუთაისელებმა ზესტაფონის მარგვეთს უმასპინძლეს და 102:92 (სტატისტიკა) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ცხრილში პირველ საფეხურზე გადაინაცვლეს.
ქუთაისელებმა სუპერლიგაში მე-11 გამარჯვება მოიპოვეს, დამარცხებაც, როგორც ვთქვით, ყველაზე ნაკლები (4) აქვთ და ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ. მორიგი გამარჯვების მოპოვებაში ქუთათურებს კვლავ აკაკი დვალიშვილი დაეხმარა, რომელმაც ზედიზედ მეორედ შეასრულა ორმაგი დუბლი. ქუთაისელებმა იოლად იმარჯვესო, თუ ვიტყვით, არ იქნება სწორი. მარგვეთმა თანარეგიონელ მეტოქეს დიდი წინააღმდეგობა გაუწია. მართალია, ქუთაისელები მთელი თამაში იგებდნენ, თუმცა ზესტაფონელთა სუნთქვას მუდამ ზურგს უკან გრძნობდნენ. მარგვეთმა ბოლომდე სდია ქუთაისს, მაგრამ თამაშისთვის განკუთვნილი დრო ისე ამოიწურა, გადასწრება ვერ მოახერხა.
აკაკი დვალიშვილი საუკეთესო იყო, რომელმაც 31 ქულა, 12 მოხსნა და 2-2 ჩაჭრა-პასი მიითვალა. ორმაგი დუბლი გაიფორმა მარქილ სმიტმაც – 12 ქულა, 10 მოხსნა, ხოლო ელაია ჯოინერის ანგარიშზე 16 ქულა და 8 პასი დაგროვდა. მარგვეთის შემადგენლობაში 23 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო იყო აკოლ მავეინი. 20 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი დემეტრიუს ლეიკის ანგარიშზეა.
გამარჯვება მოიპოვა და ცხრილში მეორე ადგილზე დამკვიდრდა ვსა, რომელმაც დელტა გურჯაანში დაამარცხა. კახეთის წარმომადგენელმა წინა ტურში ზესტაფონში იმარჯვა და 4-მატჩიანი უიღბლო სერია შეწყვიტა, თუმცა კვლავ დამარცხდა. ვსა-მ პირველი, მეორე და მესამე პერიოდები შესაბამისად 3, 6 და 6 ქულით მიგეს და ბოლო ათწუთეულის წინ 15 ქულით დაწინაურდნენ.
დარჩენილი პერიოდი გურჯაანელებმა კი მოიგეს, მაგრამ მხოლოდ 10 ქულით და საბოლოოდ წაგება განიცადეს – 80:85 (სტატისტიკა). ვსა-ს რიგებში 20 ქულით და 7 პასით საუკეთესო იყო ჯერმეინ ჰედი. 21 ქულა და 5 მოხსნა ქსავიერ ჰილ-მეისის ანგარიშზეა. 10 მოგებით და 5 მარცხით ვსა მეორე ადგილზეა და ქულით უსწრებს გორის ივერიონს, რომელიც ამ ტურის მატჩს ხვალ, 16 მარტს, შინ “ამრასთან” ჩაატარებს.
გორამდე, თბილისი არენაზე თსუ “ბათუმს” უმასპინძლებს და 7-მატჩიანი წაგებების სერიის შეწყვეტას ეცდება.
GBF.GE