„ვალენსია“ ლა ლიგის 28-ე ტურში სტუმრად „ჟირონას“ დაუზავდა (1:1), ხოლო გიორგი მამარდაშვილმა მაღალ დონეზე ითამაშა.
ქართველი ერთ-ერთი გამორჩეული იყო და ქულის მოპოვებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. ესპანურმა მედიამაც ამჯერად მისი თამაში დადებითად შეაფასა:
AS: „პირველ ტაიმში ცოტა საქმე ჰქონდა, თუ არ ჩათვლით მომენტებს, როცა თამაშში ჩართვა ფეხით მოუწია. მეორე ტაიმში დაბრუნდა სასწაულების მამარდაშვილი, როდესაც ჯერ არნაუს და შემდეგ დანჯუმას დიდებული სეივებით აჯობა“.
Eldesmarque: „ერთკვირიანი ჭორების შემდეგ მამარდაშვილი კვლავ საუკეთესო იყო. 50-ე წუთზე მან გუნდი გადაარჩინა, ხოლო 1:1-ზე უკვე გუნდი დამარცხებისგან იხსნა. საუკეთესო“.
შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 24 მატჩი აქვს ჩატარებული და კარი მშრალად ხუთჯერ შეინახა. „ვალენსია“ ლა ლიგაში 28 ქულით მე-16 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 30 მარტს, „მალიორკას“ უმასპინძლებს.