„ფროზინონეს“ მთავარმა მწვრთნელმა პაოლო ბიანკომ „ბრეშასთან“ მატჩის (2:1) შემდეგ გიორგი კვერნაძეზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, ქართველი ფეხბურთელის თვისებები უკეთ უნდა გამოიყენონ. „ფროზინონემ“ ორივე გოლი ერთნაირ სტილში გაიტანა, ჯერ კვერნაძემ და მერე ფარეს გედიემისმა და სწორედ ამის შესახებ ჰკითხეს ბიანკოს.
„დღეს, ვიფიქრე, რომ შესაბამისი მომენტი იყო ორივესთვის. გარდა ამისა, მინდოდა, პარტიპოლოს ცოტა დაესვენა, რომელმაც კარარაში სიცხიანმა ითამაშა. „მოდენაში“ მუშაობისას სწორედ ისეთი თვისებების მქონე ფეხბურთელები მაკლდა, როგორებიც კვერნაძე და გედიემისი არიან. მათი თვისებები უნდა გამოვიყენოთ. ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობთ, რომ ისინი მსგავს სიტუაციებში აღმოჩნდნენ დასარტყმელად, მომეწონებოდა, რომ თითოეულმა თამაშში 4-5-ჯერ დაარტყას, რადგან ეს მათ თვისებებშია“, - თქვა ბიანკომ.
შეგახსენებთ, 22 წლის ქართველ ფეხბურთელს სერია B-ს მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ გიორგი მხოლოდ 8-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.
„ფროზინონემ“ სერია B-ში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია, ამჟამად 33 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 29 მარტს, გენუის „სამპდორიას“ სტუმრად შეხვდება.