რაგბი

13:17 | 16.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ყაზბეგი 13:18 ხვამლი

თბილისის ‘ხვამლმა’ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ crocobet დიდი 10-ის მე-16 ტურში სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ 18:13 დაამარცხა და საფლეიოფო ექვსეულში ფეხი მოიკიდა.

მუხიანელებს 37 ქულა მოუგროვდათ და ერთით ჩამორჩებიან ‘არმიას’ და ‘ხარებს’, მე-7 ადგილზე მყოფ ‘ლელოს’ კი უკვე 8 ქულით დაშორდნენ და დარჩენილ ორ მატჩში თუნდაც ერთის მოგება, მათ ექვსეულში ადგილს დაუბევებს. ‘ყაზბეგს’ ნუგეშ-ქულა ერგო, ჯამში 28 გაუხდა და ერთით ჩამორჩება ‘ლელოს’, ფლეი აუტის ზონაში მყოფ ‘ტაოს’ კი 4-ით გაუსწრო.

თამაში რომ დაიწყო ‘ხვამლმა’ მოედნის ცეტრში ჯარიმის უფლება მოიპოვა და ნიკა ცინცაძემ 50 მეტრიდან ანგარიში გახსნა. დავით იმნაძეს საპასუხო დარტყმა ხელყარელი პოზიციიდან გაუცუდდა, თუმცა მე-12 წუთზე კარის წინ 22 მეტრიდან ზუსტი იყო და წონასწორობა აღადგინა. ტაიმის შუაში საბა კურტანიძის სინბინის შემდეგ ‘ხვამლი’ მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა და ‘ყაზბეგმა’ ამით მალევე ისარგებლა, ლუკა ალიბეგაშვილმა სივრცე გამოიყენა და მისი ლელო იმნაძემ გარდასახა.

ცინცაძემ თავისი ნახევრიდან გატანილი ჯარიმით ჩამორჩენა 4 წუთში შეამცირა, ტაიმის გაწითლებულ დროზე კი ‘ხვამლმა’ ბურთი მეტოქის შერკინებაში მოიპოვა, ფორვარდებით შეუტია და რამდენიმე დარტყმის შემდეგ ზაურ ლუტიძემ ლელო, ცინცაძემ კი გარდასახვა გაიტანა - 10:13.

48-ე წუთზე ლუტიძემ უკვე ხაზი გაჭრა და ლელომდე ცოტა დააკლდა, თუმცა მიყოლამ არ დაიგვიანა და კურტანიძემ სტუმართა მეორე ლელო გაიტანა. არაზუსტი გარდასახვის შემდეგ მეორე ტაიმში იმნაძემ სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა. დარჩენილ დროში სტეფანწმინდელებს ლელოს გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ, თუმცა ‘ხვამლმა’ თავი კარგად დაიცვა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ხვამლის’ ფრთა საბა არაგველი გახდა.

RUGBY.GE

0.07281