სლოვაკეთის ჩემპიონატის საჩემპიონო ჯგუფის მეორე ტურში „დუნაისკა სტრედამ“ „ჟილინა“ 3:1 დაამარცხა, ხოლო ცოტნე კაპანაძემ გოლი გაიტანა.
23 წლის მარჯვენა მცველმა მშვენივრად დაიწყო სლოვაკური კარიერა, წინა ტურში საგოლე პასით გამოირჩა, ახლა სადებიუტო გოლით. კაპანაძემ მეტოქის კარი მე-40 წუთზე დალაშქრა და ანგარიში იმ დროისთვის 2:1 გახადა. „ჟილინას“ რიგებში სათადარიგო სკამზე იყო ალექსანდრე ნარიმანიძე.
ცოტნე კაპანაძეს სლოვაკეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 6 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და ერთხელ საგოლე პასი გააკეთა.
„დუნაისკა სტრედა“ საჩემპიონო ჯგუფში 36 ქულით მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 29 მარტს, „კოშიცეს“ ესტუმრება. „ჟილინა“ 46 ქულით მეორეა და 30 მარტს, „ტრნავას“ სტუმრად შეხვდება.