ბოსნიის ჩემპიონატის 22-ე ტურში „სარაევომ“ „იგმანი“ ქართველი ფეხბურთელების, ვასილიოს გორდეზიანის და გიორგი გულიაშვილის გოლებით 2:1 დაამარცხა.
გორდეზიანი ბოსნიურ კლუბს იანვარში შეუერთდა და სულ მესამედ ითამაშა ამ კლუბში, ძირითად შემადგენლობაში სულაც პირველად იყო. მან 44-ე წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში და სადებიუტო გოლი შეაგდო. აღსანიშნავია, რომ „სარაევოში“ ბოლო ოთხი პენალტი გულიაშვილს გაცუდებული ჰქონდა, ამჯერად კი, ბურთთან გორდეზიანი მივიდა და ზუსტად დაარტყა.
გულიაშვილმაც არ დატოვა მოედანი უგოლოდ, მან 59-ე წუთზე დაამწუხრა მეტოქე და იმ დროისთვის ანგარიში 2:0 გახადა.
გულიაშვილი ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირთა დავას 14 გოლით ლიდერობს და უახლოეს მდევარს 3 გოლით უსწრებს. 23 წლის ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 19 გოლი აქვს გატანილი - 14 ჩემპიონატში, 4 თასზე და 1 კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
„სარაევო“ 46 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 26 მარტს, „ბორაც ბანია ლუკას“ უმასპინძლებს.