„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ „მარსელთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.
ესპანელმა სპეციალისტმა, როგორც მომავალ მეტოქეზე, ისე „ლივერპულთან“ მოგებულ მატჩზე და მომავალ მოწინააღმდეგეზე, „ასტონ ვილაზე“ ისაუბრა:
„ეს კლასიკია! ყველა მოუთმენლად ელოდება ამ მატჩს, მზად უნდა ვიყოთ კარგი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ და გვინდა, ჩვენი რეალური დონე ვაჩვენოთ. კლასიკის მნიშვნელობას არავითარი კავშირი არ აქვს სატურნირო ცხრილთან, თუ მოვიგებთ, სხვაობა კიდევ უფრო დიდი იქნება. მოტივაციის ნაკლებობა არ იქნება. ამ მატჩში ატმოსფერო სპეციფიკურია, ამიტომ, საჭიროა ფეხბურთელების დამშვიდება. ამ კლუბებს შორის დაპირისპირება არსებობს, ეს ისტორიულია, მაგრამ ეს დადებითად მიმაჩნია, კლუბებს ერთმანეთი სჭირდებათ. ვერ წარმომიდგენია ლა ლიგა „ბარსას“ და „რეალის“ გარეშე, აქაც იგივეა. ძალიან სასიამოვნოა ასეთ მატჩებში თამაში. ფეხბურთი ვნებაა, ეს ლივერპულშიც ვნახეთ. მომწონს რობერტო დე ძერბის მენტალიტეტი. მოედანზე მისი გუნდი დომინირებს, ბურთს ფლობს და მაღალ პრესინგს თამაშობს. იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ და დიდებული საფეხბურთო ზეიმი გვექნება.
შემიძლია ნებისმიერი თერთმეტეული დავაყენო, მიჩვეული ვართ ინტენსიური რეჟიმში თამაშს და ახლაც გრძელი კვირა გვაქვს. ვაპირებ როტაციის გაგრძელებას, მაგრამ ჩვენ ყოველთვის კონკურენტუნარიანები ვართ. მარკინიოსს გარკვეული დისკომფორტი ჰქონდა, ამიტომ შევცვალეთ 90-ე წუთზე, მაგრამ ტრავმა არ აქვს, კარგადაა. შევხედავთ სიტუაციას და გადავწყვეტთ, გავრისკოთ თუ არა.
დაძაბული გარემო კლასიკში? ეს ჩემთვის სულ მეოთხე კლასიკია. გვჭირდება გულშემატკივრების მხარდაჭერა ყველა შეხვედრაში, მთელი სეზონის განმავლობაში. ისინი პსჟ-ზე უნდა ფოკუსირდნენ და არა მეტოქეზე. გვინდა, ჩვენი ფანები კიდევ ერთხელ გავახაროთ.
„ლივერპულთან“ გამარჯვების სიხარული წარმოუდგენელი იყო, ეს დავიმსახურეთ. შემიძლია ვთქვა, რომ ნებისმიერ მატჩისთვის საჭირო მენტალიტეტი გვაქვს. ნამდვილი გუნდი ვართ. მშვენიერი მატჩი იყო, ყოველთვის ვამბობ, რომ „ლივერპული“ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ჩვენ ორივე შეხვედრაში მაღალ დონეზე ვითამაშეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მოგება დავიმსახურეთ. ეს გამარჯვება დადებითად იმოქმედებს და გაგვაძლიერებს.
„ასტონ ვილას“ კარგად ვიცნობ, მათი ბევრი მატჩი ვნახე. ისინი ევროპის 8 საუკეთესო გუნდში არიან. უნაი ემერის დიდი ხანია ვიცნობ, ვიცი რამდენად კარგი მწვრთნელია და პრობლემებს შეგვიქმნის. ის წარმატებული მწვრთნელია, რასაც ყველგან აჩვენებს, სადაც მუშაობს“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-სა და „მარსელის“ მატჩი 16 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.