„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ფაბიო კაპელოს უპასუხა. იტალიელმა აღნიშნა, რომ გვარდიოლამ თავისი სათამაშო სტილით ფეხბურთს დიდი ზიანი მიაყენა, ხოლო იტალიური ფეხბურთი დაანგრია, რადგან ბოლო წლებში ყველა მას ჰბაძავს, რამაც იტალიურ ფეხბურთს იდენტობა დააკარგვინა.
ესპანელი სპეციალისტის პასუხი კაპელოს მიმართ უფრო მეტად ირონიული იყო:
„მე ვუსმენ ყველაფერს, რასაც ჩემზე ამბობენ, ყველაფერს, ასე რომ, ფრთხილად... ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბატონი ფაბიო კაპელო ამას ამბობს. არ ვარ იმდენად მაგარი, რომ იტალიის ფეხბურთში გამარჯვებას მივაღწიო. იტალიური ფეხბურთი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი თამაშის სტილი. დიდი ჩახუტება ჩემგან ფაბიოს, დიდი ჩახუტება“, - აღნიშნა პეპმა.
შეგახსენებთ, რომ ფაბიო კაპელოს ხელმძღვანელობით პეპ გვარდიოლა მცირე პერიოდის განმავლობაში „რომაში“ თამაშობდა.