რაგბი

13:41 | 15.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

დიდი 10 | ლელო 23:25 ყოჩები

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ თბილისის ‘ლელოს’ დაძაბულ ბრძოლაში 25:23 მოუგო და crocobet დიდი 10-ის რეგულარული სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, უძლიერესთა შორის დარჩენის შანსი შეინარჩუნა.

‘ყოჩებს’ 19 ქულა გაუხდა და სატურნირო ცხრილში კვლავ ბოლო ადგილზეა, თუმცა ახლა ‘ტაოს’ 5, ხოლო ‘ყაზბეგს’ 8 ქულით ჩამორჩება, რისი აღმოფხვრაც ორ თამაშში შესაძლებელია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ‘ტაოს’ და ‘ყაზბეგს’ მე-16 ტურის თამაშები ჯერ არ ჩაუტარებით და შესაძლოა ხვალ ეს მოცემულობა შეიცვალოს. ‘ლელოს’ ნუგეშ-ქულა ერგო, 29 ქულით მე-7 ადგილზე რჩება და 4-ით ჩამორჩება საფლეიოფო ზონაში მყოფ ‘ხვამლს’, რომელიც ტურის თამაშს ასევე ხვალ, ‘ყაზბეგთან’ გამართავს.

თამაშმა ორმხრივ შეტევებში ჩაიარა და ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა. ანგარიში მე-19 წუთზე რანი ფხალაძემ გახსნა. ის შერკინების შემდეგ ფეხით შეცურებულ ბურთს მიყვა, ოვალი მიწიდან მისთვის სასურველი ტრაექტორიით ასხლტა და პირველი ლელო გავიდა. ლაშა მალაღურაძის გარდასახვას პეტრე ხუციშვილმა ორ წუთში ჯარიმით უპასუხა, 30-ე წუთზე კი ‘ლელომ’ გიორგი ნოდიას სინბინის შემდეგ რიცხობრივი უპირატესობა მოიპოვა და ამით მალევე სარგებლა.

ძალისმიერი ლელო ნიკა სვიმონიშვილმა გაიტანა, ხუციშვილმა კი გარდასახა, მაგრამ შესვენებამდე მალაღურაძემ ჯარიმით წონასწორობა აღადგინა 10:10.

მეორე ტაიმის დასაწყისში ხუციშვილმა მასპინძლები ჯარიმით დააწინაურა, რაზეც 47-ე წუთზე ‘ყოჩებმა’ ფეხით გამოზომილი თამაშით და იოსებ გუშარაშვილის ლელოთი უპასუხა. მან მალაღურაძის გადაკიდებული ბურთი ჰაერში მოხსნა, ბოლო მცველს გასცდა და ლელო ალამთან გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ხუციშვილმა მორიგი ჯარიმით ‘ლელო’ წინ გაიყვანა, 54-ე წუთზე კი დავით ხუროშვილმა თავის ნახევარზე გაჭრა ხაზი და ფეხით ითამაშა, გაგა ქევხიშვილმა მცველი შეავიწროვა, შეცდომა დააშვებინა და მისი ლელო ხუციშვილმა გარდასახა.

8-ქულიან უპირატესობას ისიც დაერთო, რომ ნიკოლოზ რეხვიაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო და ‘ყოჩები’ მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა, მაგრამ ბოლნისელებმა შეძლეს თამაშის შემოტრიალება. 61-ე წუთზე ფეხით საკუთარ ნახევარზე სოსო მათიაშვილმა ითამაშა, მოედნის ცენტრთან საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო და თენგიზ პერანიძეს ოფლოუდი გაუხერხა. თავის მხრივ პერანიძემაც ფეხით ითამაშა, ბურთს მიყვა და ეფექტური ლელო გაიტანა. მალაღურაძემ გარდასახვით სხვაობა 1 ქულამდე დაიყვანა, 70-ე წუთზე კი, რეხვიაშვილმა ჯარიმა კარში თავისი ნახევრიდან, დაახლოებით 55 მეტრიდან დაარტყა, ბურთი ძელებსშუა გააძვრინა და ‘ყოჩები’ დააწინაურა.

დასკვნითი წუთები ‘ლელომ’ შეტევებში გაატარა, მაგრამ სტუმრებმა თავი უჯარიმოდ დაიცვეს და „ლელო არენაზე“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს - 25:23. მატჩის საუკეთესო მოთამაშე თენგიზ პერანიძე გახდა.

RUGBY.GE

0.122459