ფეხბურთი

17:30 | 14.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

იაშვილი: "B ლიგაში დარჩენა და ძლიერ მეტოქეებთან თამაში მნიშვნელოვანია ნაკრების განვითარებისთვის"

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა სომხეთთან მატჩებამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დინამო არენაზე დაბრუნება. პრინციპული მატჩები გველის, რადგან B ლიგაში დარჩენა და ძლიერ მეტოქეებთან თამაში მნიშვნელოვანია ნაკრების განვითარებისთვის. ამიტომ, წარმატებული თამაში მნიშვნელოვანია და დინამო არენაზე შეკრებული გულშემატკივარი დიდი ძალაა ჩვენთვის. საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ, დინამო არენაზე პირველად ვითამაშებთ და ამ სტადიონზე დაბრუნება გვახარებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაცია ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის. 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ეროვნულ ნაკრებსაც ოფიციალური მატჩები ჰქონდა და ფეხბურთელები ახალგაზრდულ ნაკრებს შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ შეუერთდნენ. ახლა კი, ზაფხულში ეროვნულ გუნდს მხოლოდ ამხანაგური მატჩები აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ვიასპარეზოთ", - თქვა იაშვილმა.

საქართველოსა და სომხეთის ორმატჩიანი დაპირისპირებით ირკვევა, ვინ ითამაშებს ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B ლიგაში და ვინ C ლიგაში. ორი მატჩის გამარჯვებული B დივიზიონში იქნება, ხოლო დამარცხებული შესაბამისად, C დივიზიონში.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გასულ სეზონში ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და სწორედ ამიტომ უწევს დასარჩენ პლეი-ოფში თამაში. პირველი შეხვედრა 20 მარტს, 21:00 საათზე ერევანში შედგება, ხოლო საპასუხო 23 მარტს, 18:00 საათზე თბილისში, „დინამო არენაზე“.

0.123459