ფეხბურთი

10:40 | 14.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონის" მწვრთნელი და ფეხბურთელი: "მანჩესტერში "ოლდ ტრაფორდის" დასათვალიერებლად არ მივდივართ"

„ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ ბუქარესტის „სტიაუასთან“ მატჩის (4:0) შემდეგ ისაუბრა.

ის კმაყოფილია თავისი გუნდის თამაშით და ახლა უკვე მომავალ შეხვედრაზე ფიქრობს:

„მომწონს, როცა ასე ვართ, როცა კარგად ვთამაშობთ, როცა ვიგებთ. ვფიქრობ, ეს არის ფეხბურთის საფუძველი. ჩვენი ფეხბურთელები ბევრს მუშაობენ, რომ თავდაჯერებულები და მოტივირებული იყვნენ. კარგი მატჩი ჩავატარეთ, ზოგადად, ორივე შეხვედრაში ძალიან კარგად ვითამაშეთ.

მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს, ახლა კი, „ლე ავრთან“ მატჩზე უნდა ვიფიქროთ, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. „მანჩესტერი“? მათაც პორტუგალიელი მწვრთნელი ჰყავთ (იღიმის - რედ). ეს იქნება მატჩები ორი პორტუგალიელი მწვრთნელით. ვფიქრობ, გუნდი იმსახურებს ამ ეტაპზე ყოფნას. გვაქვს ამბიცია, რომ ჩავიდეთ მანჩესტერში და ჩვენი თამაში ვითამაშოთ, კარგი თამაში. მანამდე სხვა მნიშვნელოვანი მატჩებიც გვაქვს“, - თქვა ფონსეკამ.

„ლიონის“ ფეხბურთელი მუსა ნიახატე ამბობს, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ ფოტოების გადასაღებად არ მიდიან:

„ვიცით, რომ როცა სწორი მიდგომით ვთამაშობთ, მხოლოდ კარგი შეიძლება მოხდეს. მატჩი ჩვენთვის ადვილი გავხადეთ. ფეხბურთს იმისთვის ვთამაშობთ, რომ „მანჩესტერის“ მსგავს გუნდებთან ვითამაშოთ, ეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია, მაგრამ იქ არ მივდივართ ვიდეოების, ფოტოების გადასაღებად ან „ოლდ ტრაფორდის“ დასათვალიერებლად, არამედ, მომდევნო ეტაპის საგზურისთვის. შეგვიძლია მათთვის პრობლემების შექმნა. გვინდა, რომ ბოლომდე გავიდეთ“, - აღნიშნა ნიახატემ.

„ლიონი“ სანაკრებო პაუზამდე ლიგა 1-ში 16 მარტს, „ლე ავრს“ შეხვდება, ხოლო „მანჩესტერს“ 10 აპრილს უმასპინძლებს, 17 აპრილს კი,“ოლდ ტრაფორდზე“ ესტუმრება.

0.077895