ფეხბურთი

13:10 | 14.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "ეს გულშემატკივრები დიდ მატჩებს იმსახურებენ"
"სასიამოვნოა, რომ თანაგუნდელებს გოლების გატანაში ვეხმარები"

„ლიონის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ ბუქარესტის „სტიაუასთან“ (4:0) შესანიშნავი თამაშის შემდეგ, რომელშიც ორი გოლით და ორი საგოლე პასით გამოირჩა, კომენტარი გააკეთა.

მან ფრანგულ მედიას უთხრა, რომ მიუხედავად პირველი მატჩის შედეგისა, საკუთარ თავს მოდუნების უფლება არ მისცეს:

„გამარჯვებისთვის ვთამაშობდით. ჩვენი თამაში ვაჩვენეთ და როცა ეს ხდება, გოლებს ვიტანთ და არც ვუშვებთ, რადგან ერთად ვუტევთ და თავს ერთად ვიცავთ. ყველაფერი კარგად წავიდა. სასიამოვნოა თანაგუნდელებს გოლების გატანაშიც რომ ვეხმარები. ბოლომდე ვითამაშეთ, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მატჩი 3:1 გვქონდა მოგებული. ბედნიერები ვართ, კლუბის, ქომაგების და ჩვენი თავის გამო. მთავარი „ლიონია“, ამ კლუბმა ევროთასებზე ყოველწელს უნდა ითამაშოს და დიდი მატჩები ჩაატაროს, ეს გულშემატკივრები ამას იმსახურებენ“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 36 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და 6-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 25 მატჩი, 6 გოლი და 2 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 9 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი. ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში დუბლი მესამედ შეასრულა: "ოსერთან" (ლიგა 1-ში), "ყარაბაღსა" და "სტიაუასთან" (ევროპა ლიგაზე).

„ლიონი“ სანაკრებო პაუზამდე ლიგა 1-ში 16 მარტს, „ლე ავრს“ შეხვდება, ხოლო „მანჩესტერს“ 10 აპრილს უმასპინძლებს, 17 აპრილს კი,“ოლდ ტრაფორდზე“ ესტუმრება.

0.062399