გიორგი გოჩოლეიშვილის „კოპენჰაგენი“ კონფერენს ლიგას მერვედფინალში გამოეთიშა, სადაც „ჩელსისთან“ ორივე მატჩი წააგო.
დანიურმა კლუბმა იბრძოლა, მაგრამ ჯერ შინ დამარცხდა (1:2), ახლა კი, სტუმრად - 0:1. ლონდონელებმა პირველივე ტაიმში გაიტანეს გოლი, რომელიც კირნან დიუსბერი-ჰალის აქტივშია. გოჩოლეიშვილს პირველი მატჩისგან განსხვავებით ამჯერად არ უთამაშია, სათადარიგო სკამზე დარჩა.
კონფერენს ლიგის მეოთხედფინალში „ჩელსი“ გარდა, „ბეტისიც“ გავიდა, რომელმაც პორტუგალიურ „გიმარაეშს“ სტუმრად 4:0 აჯობა და შინ 2:2-ის მერე სიტუაცია გამოასწორა. „ფიორენტინამ“ გასვლაზე „პანათინაიკოსთან“ 2:3 წააგო, მაგრამ ფლორენციაში 3:1 სძლია და მომდევნო ეტაპზეა. „ფიორენტინა“ კონფერენს ლიგის ბოლო ორი სეზონის ფინალისტია.
კონფერენს ლიგის მეოთხედფინალში ასევე ითამაშებენ სლოვენიური „ცელიე“, პოლონური „იაგელონია“, ვენის „რაპიდი“, ვარშავის "ლეგია" და შვედური „დიურგარდენი“.
მეოთხედფინალური მატჩები 10-17 აპრილს გაიმართება, ხოლო წყვილები ასეთია:
„ბეტისი“ – „იაგელონია“
„ცელიე“ – „ფიორენტინა“
„დიურგარდენი“ – „რაპიდი“
"ჩელსი" - "ლეგია"