ევროპა ლიგაზე ოთხი მერვედფინალური მატჩი გაიმართა და შესაბამისად, მეოთხედფინალისტთა ნახევარი გაირკვა.
მიმდინარე სეზონში ფინალი „სან მამესზეა“ და ეს „ბილბაოსთვის“ შანსია, რომ გადამწყვეტი შეხვედრა შინ ითამაშოს, თანაც ერნესტო ვალვერდეს გუნდს მშვენიერი სეზონი აქვს და რატომაც არა? „ბილბაო“ უკვე მეოთხედფინალშია.
ბასკებმა „რომა“ გააგდეს, რომელთანაც სტუმრად 1:2 წააგეს, მაგრამ შინ 3:1 გაიმარჯვეს. მე-11 წუთზე იტალიელებს მატს ჰუმელსი გაუძევეს, რამაც „ბილბაოს“ ძალიან დიდი უპირატესობა მიანიჭა და ბასკებმა ეს გამოიყენეს. ნიკო ვილიამსმა დუბლი შეასრულა, ერთიც იური ბერჩიჩემ გაიტანა. რომაელებმა ბოლოს ლეანდრო პარედესის გოლით შეამცირეს სხვაობა, თუმცა თამაში 1:3 წააგეს და ორი მატჩის ჯამში 3:4 დამარცხდნენ.
„რომასგან“ განსხვავებით მეოთხედფინალში გავიდა „ლაციო“, რომელმაც ჩეხური „პლზენის“ ბარიერი დაძლია. იტალიურმა კლუბმა სტუმრად 2:1 მოიგო, ხოლო რომში ფრეს დასჯერდა (1:1), მაგრამ ესეც ეყო შემდეგ ეტაპზე გასავლელად. „ლაციოს“ მეოთხედფინალში ნორვეგიულ „ბოდო გლიმტთან“ თამაში მოუწევს.
ასპარეზობას გამოეთიშა კონფერენს ლიგის მოქმედი ჩემპიონი „ოლიმპიაკოსი“, რომელმაც შინ „ბოდო გლიმტი“ 2:1 კი დაამარცხა, მაგრამ სტუმრად 0:3 ჰქონდა წაგებული, შესაბამისად, ორი შეხვედრის ჯამში 2:4 წააგო. „ბოდო გლიმტი“ მეოთხედფინალში „ლაციოს“ შეხვდება.
ფრანკფურტის „აინტრახტმა“ „აიაქსს“ ძალიან ადვილად აჯობა: ორი მატჩის ჯამში - 6:2. გერმანელებმა ამსტერდამში 2:1 მოიგეს, ხოლო დღეს საკუთარ მოედანზე მეტოქე 4:1 გაანადგურეს.
„აინტრახტი“ – „აიაქსი“ 4:1 (2:0)
გოლები: 1:0 ბაოია (7), 2:0 გიოტცე (25), 3:0 ეკიტიკე (25), 3:1 ტეილორი (78), 4:1 გიოტცე (82)
„ლაციო“ – „პლზენი“ 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 სულცი (52), 1:1 რომანიოლი (77)
„ბილბაო“ – „რომა“ 3:1 (1:0)
გოლები: 1:0 ნ. ვილიამსი (45), 2:0 ბერჩიჩე (68), 3:0 ნ. ვილიამსი (82), 3:1 პარედესი (90, პენ)
„ოლიმპიაკოსი“ – „ბოდო გლიმტი“ 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 ჰოგი (36), 1:1 იარემჩუკი (53), 2:1 იარემჩუკი (65)